LIVE

ADB-ის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება

22 სექ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 889
ADB-ის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 3.5%-დან 8.5%-მდე ზრდის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ეკონომიკის ზრდას სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მომსახურების სფეროს გააქტიურებისა და კორონავირუსის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის პირობებში ელოდება.

ამასთან, ADB ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„იმედისმომცემი ზრდის მაჩვენებლებითა და ოპტიმისტური ბიზნეს-მოლოდინებით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, მაგრამ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპის მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებაც“,- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

ADB-ის პროგნოზითვე, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით უნდა გაიზარდოს. 

რაც შეეხება ინფლაციას, ADB-ის განახლებული პროგნოზით 2021 წელს ინფლაციის 9.5%-მდე გაზრდა და მომავალ წელს 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.

"ეკონომიკური ზრდის მიუხედავად მაინც გაიზარდა როგორც უმუშევრობის, ასევე აბსოლუტური სიღარიბის დონე. 2021 წლის პირველ კვარტალში თითოეულმა მაჩვენებელმა 3%-ით მოიმატა და შესაბამისად 21.9% და 21.3% შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მცირედით იკლო 2020 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს 11.2%-იანი მაჩვენებლიდან 2021 წლის იმავე პერიოდის 10.7%-მდე, უმეტესად სპილენძის მადნისა და კონცენტრატისა და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გაზრდილი ექსპორტის შედეგად. შესაბამისად, ADB პროგნოზირებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებას როგორც 2021, ისე 2022 წელს",- აღნიშნულია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის.