LIVE

ფინანსთა მინისტრი: ჩნდება მოლოდინი, რომ წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება

30 ივნ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1291
ფინანსთა მინისტრი: ჩნდება მოლოდინი, რომ წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება

მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს,- ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მაისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

მინისტრის განცხადებით, ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრო გადახედავს წლიური ეკონიმიკური ზრდის პროგნოზებს. 

„მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ შარშანდელ პერიოდთან შედარებით, არამედ ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით გვაქვს 8,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია, პრაქტიკულად, ყველა სექტორში აქტივობების ზრდით - დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვები გაზრდილია 50%-ით, ასევე, სტაბილურად იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი, სადაც დაფიქსირდა 45%-იანი ზრდა. მაისის თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო გადახედავს წლიური ეკონიმიკური ზრდის პროგნოზებს, რომელიც უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა. პირველი ხუთი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 11.5% შეადგინა.