LIVE
ვიდეო
10 მარ, 2023 11:15
2022 წელს საქართველოში 2$ მილიარდის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - საქსტატი
777

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1%-ით აღემატება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების მატებით.

გასულ წელს სააქციო კაპიტალის მოცულობამ 686.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. რეინვესტირება კი 1.7-ჯერ გაიზარდა და 1 მლრდ 289 მლნ დოლარს გაუტოლდა.

2022 წელს რეინვესტირების წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები ნაკლებად შემოდის და უკვე არსებული ინვესტორების მიერ ხდება მიღებული შემოსავლების/მოგების ხელმეორედ დაბანდება.

გასულ წელს ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ დოლარი შეადგინა.

                 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება                                                              ეკონომიკური სექტორების მიხედვით:  

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი - 526.4 მლნ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3%);
  • უძრავი ქონების სექტორი - 406.9 მლნ დოლარი (20.3%);
  • წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი - 197 მლნ დოლარი (9.9%).

საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველი სამეული ასე ჩამოყალიბდა: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და აშშ. აღსანიშნავია, რომ სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48% შეადგინა.

შეგახსენებთ, საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 242 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია.

საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, თუმცა კერძო სექტორის თუ ექსპერტების ნაწილი საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ასეთ გამოწვევებს შორის სახელდება სასამართლო სისტემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბიუროკრატიული ბარიერები, ჩაშლილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა გამოც მთავრობა საარბიტრაჟო დავებშია და ა.შ. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ