LIVE

მანჰეტენზე სახლების ფასები რეკორდულად გაიზარდა

09 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 922
მანჰეტენზე სახლების ფასები რეკორდულად გაიზარდა

მანჰეტენზე სახლების გაყიდვებმა მეორე კვარტალში გაძლიერება განაგრძო. თუმცა, არსებობს აშკარა ნიშნები, რომ რეცესიის შიში ბაზარს ანელებს.

კოოპერატიული ბინების შესყიდვები საშუალოდ $1.25 მილიონზე დაიხურა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 3,834 ტრანზაქცია, 12%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, მეორე კვარტლისთვის ყველაზე მეტი იყო 2007 წლის შემდეგ. თუმცა, დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა დაეცა, რაც მყიდველების მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს.

ლოკდაუნების შემდეგ მანჰეტენზე გაზრდილი შესყიდვები სწრაფად კლებულობს. ახალი კონტრაქტების ვარდნა აპრილში დაიწყო, ხოლო ივნისში გარიგებები წლიურად 29%-ით შემცირდა. შემფასებელმა Miller Samuel-მა უკრაინაში ომთან ერთად საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ინფლაციას და ეკონომიკურ არასტაბილურობას გაუსვა ხაზი იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც საცხოვრებელი ფართების გაყიდვებზე გავლენას ახდენენ.

Miller-ის ანალიზით, გასაყიდი ფართები ბაზარზე საშუალოდ 86 დღეს ატარებდნენ მყიდველის პოვნამდე, რაც კლებაა პირველი კვარტლის 137-თან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების გაყიდვის განცხადებები უფრო სწრაფად მოძრაობდა, გასაყიდი ფართები პირველ კვარტალთან შედარებით 15%-ით გაიზარდა.

იპოთეკის განაკვეთების ზრდის ფონზე, ნაღდი ფულით გაყიდვების წილმა მეორე კვარტალში 53%-ს მიაღწია, რაც მესამე ყველაზე მაღალი დაფიქსირებული პროპორციაა.

2022 წლის აშშ-ს არჩევნები, საპროცენტო განაკვეთის ზრდა და აქციების ბაზრების ცვალებადობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებმაც შესაძლოა მომავალში უძრავი ქონების ბაზარზე განწყობები შეცვალოს და აღდგენა შესაძლებელი გახადოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ეფშტინი