LIVE

მინისტრი ინფლაციაზე: საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი კუნძული, რომ მხოლოდ მას არ შეეხოს

04 ივლ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 677
მინისტრი ინფლაციაზე: საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი კუნძული, რომ მხოლოდ მას არ შეეხოს

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საქართველოში მაღალ ინფლაციას გლობალური ტენდენციებით ხსნის.

მისი განმარტებით, გლობალურად გაძვირებული ნავთობი და სურსათი საქართველოზეც ახდენს გავლენას.

„საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და რაღაც კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი და მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი პრობლემა იყოს. ვხედავთ, რომ ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, აშშ-ში ისტორიულ მაქსიმუმზეა. შესაბამისად, გადმოცემის ეფექტი არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ინფლაციაში არის საწვავი და ნავთობპროდუქტები, რადგან საერთაშორისო ფასები გაზრდილია. მეორე ჯგუფი, რომელთან მიმართებაშიც ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება ყველა ქვეყანაში, სურსათია. ამას ადგილობრივი პროდუქცია ნაწილობრივ აბალანსებს, თუმცა ბუნებრივია, ინფლაციის გადმოდინება მოხდება ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს“,- განაცხადა მინისტრმა.

„ფორმულას“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მთავრობა საწვავის გაიაფების მიზნით აქციზის გადასახადის გაუქმებას, მინისტრი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯი დაგეგმილი არაა.

„საწვავი არაა ერთადერთი ფაქტორი ინფლაციაში, აქაა სასურსათო პროდუქტებიც. როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა მიმართულია, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფლაციის შემცირება. რაც თქვენ ახსენეთ [აქციზის გაუქმება] ეს ერთჯერადი ფაქტორია, რაც ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არაა“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მინისტრის თქმით, პროგნოზირებულია, რომ ინფლაცია მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს, თუმცა ვითარების გაუარესების შემთხვევაში, სამომხმარებლო ფასების შემცირების გარანტია არ არსებობს.

„ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას.

ის გამოწვევები, რაც რეგიონსა და მსოფლიოში არსებობს, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრისთვის ნამდვილად მიზნობრივ მაჩვენებელთან იქნება, ეს დაშვება არის, თუ არსებული რეალობა შენარჩუნდება“,- განმარტა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, უკვე 1 წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კვლავ გაძვირებული სურსათია.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) კი ელის, რომ წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 11%-ის ფარგლებში იქნება