LIVE

ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა

27 ივნ 202211:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1261
ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მაისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნაა. 

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა“.

„გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. იმ ფონზე, როცა რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას გამოწვევა აქვს, ჩვენ მოვახერხეთ, რომ 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი გამყარებულია. ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ. კიდევ უფრო მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობა წელს მინიმუმ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა 10.8% იყო. პარალელურად, უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. მაისში წლიური ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-მაისში ექსპორტი 36.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 092 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა ის კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში იმპორტის 37.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 4 მილიარდ 821 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 729 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტზე

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568 მლნ 200 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 435 მლნ 700 ათასი დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება. ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გაზრდილი რეინვესტირებაა. ინვესტიციების უდიდესი ნაწილი (318 მლნ 200 ათასი დოლარი) სწორედ რეინვესტირებაზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები კვლავ ნაკლებად შემოდის და უკვე არსებული ინვესტორების მიერ ხდება მიღებული შემოსავლების/მოგების ხელმეორედ დაბანდება.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი პანდემიამდელ დონეს კვლავ ვერ დაუბრუნდა. 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 906 670 იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 54.8%-იანი აღდგენაა. უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება რუსეთიდან. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 51 561 რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა. წლიურმა ზრდამ 377% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 1 265%-ითაა გაზრდილი.