LIVE

I კვარტალში საქართველომ $568 მილიონის უცხოური ინვესტიცია მიიღო - საქსტატი

09 ივნ 202211:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 865
I კვარტალში საქართველომ $568 მილიონის უცხოური ინვესტიცია მიიღო - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568 მლნ 200 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 435 მლნ 700 ათასი დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება.

საქსტატის თანახმად, ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების გაზრდით.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი, 318 მლნ 200 ათასი დოლარი, რეინვესტირებაზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები კვლავ ნაკლებად შემოდის და უკვე არსებული ინვესტორების მიერ ხდება მიღებული შემოსავლების/მოგების ხელმეორედ დაბანდება.

რაც შეეხება ინვესტიციების სექტორულ გადანაწილებას, საქსტატის ინფორმაციით, ლიდერი ენერგეტიკაა: 

  • ენერგეტიკის სექტორი - 236 მლნ 400 ათასი დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6%);
  • საფინანსო სექტორი - 111 მლნ 100 ათასი დოლარი (19.5%);
  • უძრავი ქონების სექტორი - 81 მლნ 300 ათასი დოლარი (14.3%).

პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასეთია:

  • ესპანეთი - 196 მლნ 100 ათასი დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5%);
  • გაერთიანებული სამეფო - 87 მლნ 200 ათასი დოლარი (15.3%);
  • თურქეთი - 67 მლნ 100 ათასი დოლარი (11.8%).

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში რუსული ინვესტიციები უარყოფითი ნიშნითაა. კერძოდ, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -11.2 მლნ დოლარი შეადგინა. 

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1 მლრდ 152 მლნ დოლარი იყო, რაც პანდემიამდელ (2019 წლის) მაჩვენებელს 14%-ით ჩამორჩებოდა, 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებს კი ორჯერ აღემატებოდა.

საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, თუმცა კერძო სექტორის თუ ექსპერტების ნაწილი საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ასეთ გამოწვევებს შორის სახელდება სასამართლო სისტემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბიუროკრატიული ბარიერები, ჩაშლილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა გამოც მთავრობა საარბიტრაჟო დავებშია და ა.შ.