LIVE

აპრილში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 მაი 202211:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 1598

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა კი 10.8% იყო.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2.6%-იანი ეკონომიკური ზრდა საბაზისო ეფექტით იყო განპირობებული.

„წინა თვეებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია საბაზისო ეფექტით. გასული წლის აპრილში დაახლოებით, 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი 33%-ით, ხოლო იმპორტი 34%-ით გაიზარდა.

აპრილში საქართველოში 6 900-მდე საწარმო დარეგისტრირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 41%-ია.

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა გაიზარდა 12%-ით და 9 მლრდ 700 მლნ ლარს გაუტოლდა. 

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება 2022 წლის პროგნოზებს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლება აცხადებდა, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რთული იქნებოდა. გასულ კვირაში კი ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ეკონომიკა მინიმუმ 6%-ით გაიზრდება.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა ეროვნულმა ბანკმა. სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდეა შეამცირა