ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 51 561 რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა. წლიურმა ზრდამ 377% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 1 265%-ითაა გაზრდილი.
2022 წლის მაისში საქართველოში 359 238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 229%-ია. აღდგენილია 2019 წლის მაისის მონაცემების 49.7%.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მაისის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 60,184 ვიზიტორი (წლიური ზრდა 175.4%);
- რუსეთი - 51,561 ვიზიტორი (წლიური ზრდა 376.6%);
- სომხეთი - 42,606 ვიზიტორი (წლიური ზრდა 332%);
- ისრაელი - 18,986 ვიზიტორი (წლიური ზრდა 68.9%);
- უკრაინა - 15,005 ვიზიტორი (წლიური ზრდა 30.1%);
- აზერბაიჯანი - 12,634 ვიზიტორი (წლიური ზრდა 121.5%);
- ყაზახეთი - 10,965 ვიზიტორი (წლიური ზრდა 135.1%);
- ბელორუსი - 9,780 ვიზიტორი (წლიური ზრდა 316.3%);
- საუდის არაბეთი - 8,559 ვიზიტორი (წლიური ზრდა 1,802%);
- ინდოეთი - 7,452 ვიზიტორი (წლიური ზრდა 398.1%).
მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა (ზრდა 173.9%, აღდგენა 62.3%).
რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-მაისის შედეგებს, საქართველოში 1 180 034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 257.8%-ია. 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 906 670 იყო (ზრდა 213.8%, აღდგენა 54.8%).
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი გაიზარდა. ამ ფონზე, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, ქირის ფასები, რაც განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში შეიმჩნევა.
ამასთან, რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა, საქართველოში ცხოვრების პარალელურად, ბიზნესიც დაარეგისტრირა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.