რუსეთის მთავრობა აპირებს შეცვალოს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო მარაგების გაყიდვისა და მართვის წესები უკრაინასთან ომის კონტექსტში.
ფინანსთა სამინისტრო განიხილავს, ქვეყნის ოქრო და ძვირფასი ქვები განთავსდეს სპეციალურ რეზერვში, რომელზე წვდომა ომის დროს შესაძლებელი გახდება. თუ წინადადება მიიღება, პრეზიდენტს ექნება მეტი უფლებამოსილება, დამოუკიდებლად განკარგოს რეზერვები.
რუსეთის დუმამ გასულ კვირას დაამტკიცა ახალი წესები, რომლებიც პრეზიდენტს აძლევს მეტ თავისუფლებას, გამოიყენოს სახელმწიფო ქონება მთავრობასა და პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე. ეს შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ქვეყანას სასწრაფოდ დასჭირდება აქტივების გაყიდვა.
რუსეთის სახელმწიფო რეზერვებში შედის ძვირფასი ლითონები, როგორიცაა ოქრო, პლატინა და პალადიუმი, ასევე ძვირფასი ქვები, როგორიცაა ბრილიანტი, ლალი და ზურმუხტი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, მოსკოვის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის იზოლირების მიზნით, რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ყველა ტრანზაქცია აკრძალა. რუსეთი დაახლოებით $640 მილიარდის რეზერვებს ფლობს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თავდაცვის ხარჯები ყოველთვიურად იზრდება. თუ რუსეთის თავდაცვის ხარჯებმა თებერვალში 369 მილიარდი რუბლი ($5,4 მილიარდი) შეადგინა, მარტში ეს მაჩვენებელი 450 მილიარდ რუბლამდე ($6,6 მილიარდი) გაიზარდა. ქვეყანამ თავდაცვაზე ყველაზე მეტი, 628 მილიარდი რუბლი ($9,2 მილიარდი) აპრილში დახარჯა, რაც დღიურად დაახლოებით 21 მილიარდ რუბლს, ანუ $308 მილიონს ნიშნავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია