
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა ომის პირველი 5-ნახევარი კვირის განმავლობაში, 35 მილიარდი ევროს ($39 მილიარდი) ღირებულების აქტივები გაყინეს.
სიაში პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომლის მიერ გაყინული საქონლისა და კაპიტალის ღირებულება 23,5 მილიარდ ევროს აღწევს. მისი უდიდესი ნაწილი - 22,8 მილიარდი ევრო რუსეთის ცენტრალური ბანკის სახსრებს მოიცავდა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, მოსკოვის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის იზოლირების მიზნით, რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ყველა ტრანზაქცია აკრძალა. რუსეთი დაახლოებით $640 მილიარდის რეზერვებს ფლობს.
სიაში საფრანგეთს მოსდევს გერმანია, ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელმაც ევროკომისიის 5 აპრილის მონაცემებით, 341,600 ევროს ღირებულების აქტივები დააყადაღა. ევროკომისიის შეფასებიდან ერთი კვირის შემდეგ გერმანიამ დააკავა რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვის სუპერიახტა Dilbar, რომელიც $600-დან 750 მილიონამდე იყო შეფასებული.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბელგიამ 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა, რაც მოიცავს შვიდი რუსული ბანკის, მათ შორის, VTB Bank-სა და Bank Rossiya-ს SWIFT-დან გათიშვის შედეგებს.
იტალიის მიერ გაყინული ქონების ჯამური ღირებულება 1,1 მილიარდი ევროა. მასში შედის რუსი ოლიგარქების იახტები და უძრავი ქონება სარდინიასა და ტოსკანაში.
ირლანდიამ 839 მილიონი ევროს აქტივები გაყინა, ნიდერლანდებმა - 516 მილიონი ევროს ღირებულების, ხოლო დანიის მიერ გაყინული ქონება 4195 ევროს შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ გაყინული აქტივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ფოლენი