LIVE

ავიაკომპანიები მოგებაზე 2023 წლიდან გავლენ- IATA

20 ივნ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1269
ავიაკომპანიები მოგებაზე 2023 წლიდან გავლენ- IATA

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სავაჭრო ჯგუფის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის შემცირების მიუხედავად, ავიაკომპანიები მოგებას შემდეგ წელს დაუბრუნდებიან.

IATA-ს მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, საჰაერო მოგზაურობის ინდუსტრიისთვის დანაკარგები მიმდინარე წელს $9.7 მილიარდს აღწევს. თუმცა, მდგომარეობა გაუმჯობესებულია ოქტომბერში პროგნოზირებული $11.6 მილიონიანი დეფიციტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების უმეტესობა ჩვეულებრივზე უკეთესი გაყიდვებით სარგებლობს, რადგან პანდემიური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მომხმარებლები მოგზაურობას დაუბრუნდნენ, საეჭვოა რამდენ ხანს გასტანს აღმავალი ფაზა. კომპანიებს გაზრდილი საწვავის ხარჯების ფონზე უწევთ გაზარდონ ბილეთების ფასები, ხოლო შინამეურნეობები რეკორდული ინფლაციის წნეხს განიცდიან.

IATA-ს გენერალური დირექტორის, ვილი უოლშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის გადასაფარად არავითარი გზა არ არსებობს, მოგზაურობის სურვილი და საქონლის გადაადგილების აუცილებლობა მაინც მყარი გარემოებებია.

უოლშის თქმით, მომხმარებლები საწვავის ფასების ზრდის ფონზე მაღალ ტარიფებს უნდა ელოდონ, განსაკუთრებით აშშ-ს ფარგლებს გარეთ, სადაც ჰეჯირების ნაკლებობამ ფასების მყისიერი ზრდა გამოიწვია. დადებითი მხარე ისაა, რომ თვითმფრინავის საწვავის გაზრდილმა ფასებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლას, რადგან ფასებს შორის განსხვავება ამ ორს შორის ახლა გაცილებით ნაკლებია.

IATA-ს გენერალური დირექტორის მიხედვით, უკრაინის ომი ავიაკომპანიებისთვის ასევე გრძელვადიან გამოწვევად რჩება. თუმცა, უოლშმა ასევე აღნიშნა, რომ ომის ზემოქმედება ავიაკომპანიების უმეტესობაზე საკმაოდ შეზღუდულია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ ჯასპერი