LIVE

რატომ გაძვირდა ავიაბილეთები - 5 ძირითადი მიზეზი

09 ივნ 202210:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 2262
რატომ გაძვირდა ავიაბილეთები - 5 ძირითადი მიზეზი
Lionel Bonaventure/AFP/Getty Images

ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საუბრის მთავარი თემა covid-19 და მისი გავლენა იყო. ახლა, როდესაც პანდემიის ყველაზე ცუდი შედეგები უკან მოვიტოვეთ და ადამიანები კვლავ თავისუფლად მოგზაურობენ, მორიგი მწვავე თემა გამოჩნდა: თვითმფრინავის ძვირადღირებული ბილეთები. 

მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების ფასი გაზრდილია, მოხეტიალე მოგზაურები დიდი პაუზის შემდეგ მაღალი ხარჯის გაღებისთვის მზად არიან. 

ე.წ. “რევანშისტი მოგზაური” არის “ადამიანი, რომელზეც ემოციურად იმოქმედა ჩაკეტვამ, სურდა მოგზაურობა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ოცნებობდა მასზე“, - ამბობს ჰერმიონ ჯოი, აზია- წყნარი ოკეანის მოგზაურობის სექტორის ხელმძღვანელი google-ში.

ზაფხულის ტარიფები პანდემიამდელ დონეზე 30%-ით მეტია. ტენდენცია რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. 

ეკონომ-კლასის დაბრუნების ბილეთი ჰონგ-კონგსა და ლონდონს შორის Cathay Pacific Airways-ში ივნისის ბოლოს $5 360-მდე გაიზარდა, რაც ხუთჯერ აღემატება პანდემიამდელ ფასს. 

“ნამდვილად გასაოცარია, რომ ეკონომ-კლასის ბილეთი შეიძლება ასე ძვირი დაგიჯდეს”, - ამბობს ჟაკლინ ჰო, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობს. გასული თვის ბოლოს მისმა კომპანიამ $3 632 გადაიხადა კოლეგის ჰამბურგში დაბრუნებისთვის Singapore Airlines-ით. იგივე ბილეთი ადრე $1 450 ღირდა.

Mastercard-ის ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში სინგაპურიდან ფრენები საშუალოდ 27%-ით ძვირი ღირდა, ვიდრე 2019 წელს, ხოლო ავსტრალიიდან - 20%-ით ძვირი. 

გაჩერებული თვითმფრინავები

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმრავლესობამ სასაზღვრო შეზღუდვები შეამსუბუქა, გადამზიდავები უმოქმედო თვითმფრინავების დაბრუნებას სიფრთხილით ეკიდებიან. 

ეს განსაკუთრებით ეხება ჯუმბო ჯეტებს, როგორიცაა Airbus-ის A380 სუპერჯამბო და Boeing-ის 747-8s, რადგან ავიაკომპანიები გადადიან საწვავის ეფექტურ მოდელებზე, როგორიცაა A350 და 787 Dreamliner-ი. 

აზიის წყნარი ოკეანის ავიახაზების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, სუბჰას მენონის თქმით, ავიაკომპანიებს დრო დასჭირდებათ, რათა აღადგინონ თვითმფრინავები ბოლო ორი წლის განმავლობაში განსხვავებული და ხშირად ცვალებადი პოლიტიკის შემდეგ, რადგან ბევრი შეზღუდვა მხოლოდ მაისში მოიხსნა.

გადამზიდავებმა ასევე შეცვალეს რეისები. ამან აიძულა ადამიანები, ეფიქრათ უფრო ხანგრძლივ მგზავრობაზე ერთი ან მეტი გაჩერებით, როცა ადრე პირდაპირ ფრენას შეძლებდნენ. ნაკლები თვითმფრინავით ნაკლები ადგილებია ხელმისაწვდომი, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა, რამაც, თავის მხრივ, ბილეთების ფასები გაზარდა.

საწვავის მზარდი ფასი

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გააძლიერა ნედლი ნავთობის ფასებზე ზეწოლა. თვითმფრინავის საწვავის ხარჯი საშუალო ზომის ავიაკომპანიის დანახარჯების 38%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2019 წლამდე 27% იყო. ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიისთვის ეს წილი შეიძლება 50%-საც შეადგენდეს.

თვითმფრინავის საწვავის ფასები ნიუ-იორკში მიმდინარე წელს 80%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა ფასები განსხვავდება რეგიონების მიხედვით, გადამუშავების ხარჯებისა და ადგილობრივი გადასახადების გათვალისწინებით.

მაღალბიუჯეტიანი მოგზაურები

როგორც ჩანს, ბილეთების მაღალი ფასები არ აბრკოლებს ადამიანებს მოგზაურობისგან ახლა, როდესაც ბევრი შეზღუდვა შემსუბუქდა. როგორც უილი უოლშმა, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ზოგიერთი მომხმარებელი სარგებლობს გამოუყენებელი შვებულების ბიუჯეტებით და ყიდულობს უფრო ძვირიან ბილეთებს მოგზაურობისთვის.

პერსონალის ნაკლებობა

ბოლო წლების განმავლობაში ასობით პილოტმა, ბორტგამცილებელმა და ავიაციის სფეროს სხვა თანამშრომელმა დაკარგა სამსახური. მოგზაურობის მატებასთან ერთად, ინდუსტრია ვეღარ ახერხებს ახალი თანამშრომლების საკმარისად სწრაფად დაქირავებას უწყვეტი ოპერაციების უზრუნველსაყოფად.

სინგაპურის აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა, 6 600-ზე მეტი ადამიანის დაქირავებას აპირებს. ბევრმა ყოფილმა თანამშრომელმა მოძებნა ნაკლებად არასტაბილური სამსახური და ინდუსტრიაში დაბრუნება აღარ სურს. 

შეერთებულ შტატებში პატარა რეგიონულ ავიაკომპანიებს არ შეუძლიათ სრული დატვირთვით ფრენა, რადგან უფრო დიდმა გადამზიდავებმა ძალიან ბევრი პილოტი დაიქირავეს. დიდ ბრიტანეთში ასობით ფრენა გაუქმდა. ევროპაში მსხვილ აეროპორტებს შეექმნათ შეფერხებები და გაუქმდა რეისები მას შემდეგ, რაც ვერ დაიქირავეს ადეკვატური რაოდენობის პერსონალი. ამან დაარღვია ავიახაზების განრიგი და გაზარდა ხარჯები.

ბალანსის კორექტირება

ავიაცია კაპიტალინტენსიური ინდუსტრიაა ძალიან დაბალი შემოსავლით. Covid-მა ეს სამუშაო გარემო კიდევ უფრო რთული გახადა. გლობალურმა ავიაკომპანიებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში, 2022 წლამდე $200 მილიარდზე მეტი დაკარგეს.

გაზრდილი ტარიფები გადამზიდველებს ზარალისგან თავის დაღწევისა და მოგების დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

როდემდე გაიზრდება ფასები?

გაურკვეველია, როდემდე იმოქმედებს გაზრდილი ფასები, თუმცა ბევრი მოგზაური, როგორც ჩანს, მზად არის მეტის გადასახდელად.

“ფასების ზრდა მოკლევადიანი ფენომენია. ვიმედოვნებთ, რომ როგორც კი ეს ყველაფერი გასწორდება, ფასები დაიკლებს”, - თქვა სტივენ ტრეისიმ, სამომხმარებლო კვლევისა და ანალიზის კომპანიის, Milieu Insight-ის დირექტორმა. 

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო’ლირი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ტარიფები რეალურად უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტარიფების კოვიდამდელ დონეზე დაბრუნების შესაძლებლობა, უკრაინაში ომი და ვირუსის გავრცელება რისკებს კვლავ შეიცავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანურაგ კოტოკი