LIVE

ფადი ასლი კანდიდატის სტატუსზე: პასუხისმგებლობა ივანიშვილს და მთავრობას ეკისრება

17 ივნ 202220:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
ფადი ასლი კანდიდატის სტატუსზე: პასუხისმგებლობა ივანიშვილს და მთავრობას ეკისრება

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC-Georgia ) განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციები, გასაკვირი არ ყოფილა.

როგორც სავაჭრო პალატაში აღნიშნავენ, უკვე წლებია საქართველოში შეიმჩნევა პოლიტიკური დევნა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესების შევიწროება და გაკოტრება, კრიმინალის მკვეთრი ზრდა, კორუფცია, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი, უცხოელი ინვესტორების დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ექსტრემისტული ჯგუფების წახალისება, ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიის მფლობელების დევნა და მთლიანად დისფუნქციური სასამართლო სისტემა, ყველაფერ ამას კი საერთო არაფერი აქვს ძირითად ევროპულ ღირებულებებთან.

"მიგვაჩნია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქართველოს ბევრ ბიზნეს-ლიდერს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ვითარებაში, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში წინ ვერ აღუდგნენ მთავრობას და საკუთარი ბიზნეს ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნიეს. ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა ქართველების უმრავლესობის სურვილია, იმ ქართველებისა, რომლებსაც მთავრობის პოლიტიკით ატყუებდნენ ბოლო 9 წლის განმავლობაში",- განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

ICC-Georgia მიმართავს მთავრობას, შეცვალოს არაგონივრული პოლიტიკა და მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად, რათა ქართველებს მიეცეთ შანსი მალე გახდნენ ევროპის ნაწილი.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მხარი არ დაუჭირა. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება კონკრეტული პრიორიტეტები. ევროკომისია მიიჩნევს, რომ კორუფცია რჩება საკითხად, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს.