LIVE

პირობები კანდიდატის სტატუსამდე - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოზე

17 ივნ 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1173
პირობები კანდიდატის სტატუსამდე - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოზე

საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის შეფასება ცნობილია. 

"ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე", - ასეთია ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით. 

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა, თუმცა მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

"რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, სანამ გადავცემთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე.

"საქართველოს შემთხვევაში, ასევე დავსახეთ გარკვეული პრიორიტეტები, რაზეც უნდა გვაჩვენონ შედეგები. ეს შეეხება დემოკრატიას, გვინდა ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლოს რეფორმა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ასევე, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და უნდა ჩატარდეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიებები. ბოლო არის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და უპირველეს ყოვლისა ეს არის მედია გარემოს გაუმჯობესება",- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. 

"უკრაინა არის ევროპული სახელმწიფო, რომელმაც საკმარისად დაამტკიცა თავისი ერთგულება იმ ღირებულებებთან, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ იგი გადადგამს რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს", - ნათქვამია რეკომენდაციაში.

ევროკომისიის შეფასება სარეკომენდაციოა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სამიტზე გამოაცხადებენ.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. ხორვატია იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს 2013 წელს შეურთდა. განაცხადის გაკეთების შემდეგ, მას ამისთვის 10 წელი დასჭირდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, 28 თებერვალს უკრაინის მიერ გაკეთებული განაცხადის შემდეგ მოაწერა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს, მოლდოვასთან ერთად გადაეცა. ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი 2 მაისს, მეორე ნაწილი კი 10 მაისს გადასცა. 

გასულ კვირას ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიციირებული.