LIVE

დეოლიგარქიზაცია - რა პირობებს უყენებს ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის

17 ივნ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1950
დეოლიგარქიზაცია - რა პირობებს უყენებს ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის

"ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე", - ასეთია ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპულმა კომისიამ მხარი დაუჭირა სტატუსის მინიჭებას უკრაინასა და მოლდოვისთვის. რაც შეეხება საქართველოს, კომისია სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას არ გასცემს.

"რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, სანამ გადავცემთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე.

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისიის რეკომენდაციები ოფიციალურად გამოქვეყნდა. ჩამონათვალი ვრცელია და მოიცავს დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, საარჩევნო რეფორმისა და სხვა ვალდებულებებს. 

კერძოდ, კომისია რეკომენდაციას უწევს, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება შემდეგი პრიორიტეტები:

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.

  2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები.

  3. საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება, ეუთო/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ამ პროცესებში.

  4. სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე დაყრდნობით. უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელი სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში, ასევე უფლებამოსილებების დანაწილების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, საქართველომ უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ყველა დონეზე მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი. განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

  5. გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრი განხილვის მიზნით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

  6. განახორციელოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაკუთრებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.

  7. გააძლიეროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, განსაკუთრებით მკაცრი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებების სანდო გამოცდის უზრუნველყოფის გზით. 

  8. განახორციელოს ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების საფრთხის შემთხვევაში მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება.

  9. სწრაფად გადავიდნენ მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე, მათ შორის, დამნაშავეების და წამქეზებელთა სასამართლოს წინაშე ეფექტურად წარდგენით.

  10. გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია. 

  11. უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.

  12. მიიღონ კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ ევროპის სასამართლოს პრაქტიკა ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილებების განხილვაში.

  13. ახალი სახალხო დამცველის წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. საქართველომ უზრუნველყოს ომბუდსმენის ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტებთან მიმართებაში და 2022 წლის ბოლოსთვის შეაფასებს მდგომარეობას.