LIVE

კორუფცია რჩება საკითხად, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს - ევროკომისია საქართველოზე

17 ივნ 202216:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
კორუფცია რჩება საკითხად, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს - ევროკომისია საქართველოზე

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას ანტიკორუფციული პროცესების გასაძლიერებლად.

“ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა და ფარული ინტერესების, მათ შორის ოლიგარქების ინტერესების აღმოფხვრა, შემდგომ გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს”,- ნათქვამია ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ “ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე საქართველოში უარყოფითად მოქმედებს ის, რომ ეროვნული ანტიკორუფციული საბჭო 2019 წლის შემდეგ არ იკრიბება”.

შეფასების თანახმად, 2021 წლის დასაწყისიდან საბჭოს სამდივნო იუსტიციის სამინისტროდან გადავიდა სახელმწიფო ადმინისტრაციაში და რჩება არასრულფასოვან ინსტიტუტად. ამასთან, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებული არ არის.

მსგავსად, ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობაზე. დოკუმენტის თანახმად, “ფინანსური დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად ყოვლისმომცველი ჩარჩოს ჩამოყალიბება და მისი ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა, გადამწყვეტია მათ მიერ წარმოქმნილი მნიშვნელოვანი რისკების მოსაგვარებლად”.

ევროკომისიის შეფასებით, “საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად საჭიროა შემდგომი რეფორმები და ინვესტიციები გრძელვადიანი ინკლუზიური ზრდისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად”. 

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს ადამიანური კაპიტალი განათლების რეფორმის გზით. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2021 წლის ბოლოს 19% შეადგინა, რაც მაღალი მაჩვენებელია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასაქმების დონე მუდმივად დაბალია (2021 წლის ბოლოს იყო 41.5%). ეს ნაწილობრივ გამოწვეულია სამუშაო ძალის უნარებსა და დამსაქმებელთა სწრაფად განვითარებად მოთხოვნილებებს შორის შეუსაბამობით. 

ევროკომისიის შეფასებით, “განათლების სისტემისა და კურიკულუმების ხარისხი დაბალია, რაც ნაწილობრივ ასახავს განათლებაზე დანახარჯებს (2020 წელს მშპ-ს 3.8%). კურსდამთავრებულთა უნარები საქართველოში გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 141 ქვეყნიდან მხოლოდ 125-ე ადგილზეა და PISA-ს ქულით გაზომილ შედეგებში ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს”. 

ევროკომისიის თანახმად, “საქართველო თანდათან მიუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობის არსებით ელემენტებს ბევრ ნაწილში. მას აქვს ზოგადად დადებითი გამოცდილება განხორციელების პროცესში, თუმცა ქვეყანა ზოგიერთ სექტორში უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვებში. ზოგადად, საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი შემდგომი გათანაბრებისთვის”.

ევროკომისია საქართველოს ფინანსურ სექტორს “ჯანსაღს” უწოდებს. თუმცა, სექტორში მაღალ კონცენტრაციაზე მიუთითებს, რამდენადაც ორი უმსხვილესი ბანკი ფლობს აქტივების დაახლოებით სამ მეოთხედს. 

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის სტაბილურობის ბოლო შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა პანდემიის შემდგომ სტაბილურად რჩება, მიუხედავად გარკვეული ზარალისა ამ პერიოდში. საბანკო სესხები კერძო სექტორისთვის ყველაზე მაღალი იყო რეგიონში მშპ-ს 80%-ით და გაორმაგდა ბოლო ათწლეულში”,- ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტის თანახმად, მდგრადი ბიზნეს გარემოს უზრუნველსაყოფად, მეტი უნდა გაკეთდეს კონკურენციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების პროცედურების გასაძლიერებლად, კონტრაქტების აღსრულებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

ევროკომისიის თანახმად, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა რჩება ბარიერად ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. კრედიტზე ხელმისაწვდომობის მქონე კომპანიების წილი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ასოცირების ხელშეკრულებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ბოლო წლებში საქართველოში ინვესტიციების დონე მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 25% იყო, მაგრამ ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ინფრასტრუქტურაზე მშპ-ს მხოლოდ 3-4% დაიხარჯა. 

შეფასების თანახმად, განახლებადი ენერგიის წარმოების უზარმაზარი პოტენციალის მიუხედავად, საქართველო რჩება ზედმეტად დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე, განსაკუთრებით სუბსიდირებულ გაზზე და გახდა ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი. 

ტრანსპორტის სფეროში, საგზაო და სარკინიგზო ქსელის ხარისხი და სიმჭიდროვე რჩება დაბალ დონეზე, მიუხედავად ეტაპობრივი გაუმჯობესებისა, რაც იწვევს მგზავრობის ხანგრძლივ პერიოდს და საგზაო უსაფრთხოების პრობლემებს. 

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა არასაკმარისია ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში.

საქართველოს ეკონომიკას დივერსიფიცირებული სტრუქტურა აქვს, რომელიც ორიენტირებულია დაბალი დამატებული ღირებულების შემქმნელ სექტორებზე. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიების მონაწილეობა მსოფლიო ღირებულების ჯაჭვებში ძალიან შეზღუდულია. 

“ბოლო წლებში ქვეყანას მუდმივად აქვს დიდი სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ნაწილობრივ კომპენსირდება ფულადი გზავნილების შემოდინებით და პროფიციტით ტურიზმსა და სხვა სერვისებში”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მხარი არ დაუჭირა. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება კონკრეტული პრიორიტეტები.