LIVE

ღარიბაშვილი: მთავრობას „ბორჯომის“ აქციები უსასყიდლოდ გადაეცემა

13 ივნ 202214:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
ღარიბაშვილი: მთავრობას „ბორჯომის“ აქციები უსასყიდლოდ გადაეცემა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი გახდება, რომელიც ბორჯომის ქარხნის მეპატრონეა. პრემიერის თქმით, ეს უსასყიდლო გარიგებაა.

„წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა. აქციები უსასყიდლოდ გადმოგვეცემა. ამის შემდეგ კი ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის, თანამფლობელი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ, მოგვარდება. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულია. 

„აღნიშნული საკითხი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შევათანხმეთ. რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, „IDS ბორჯომმა“, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა

19 მაისს IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

ამასთან, 6 ივნისს, „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან გათავისუფლებული 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვდნენ. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების თანახმად, მედიატორი დაინიშნა, რომელიც „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში ჩაერთვება.