ჯანდაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, რომელიც „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში ჩაერთვება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება.
ცნობისთვის, დღეს, "IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან გათავისუფლებული 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.
„IDS ბორჯომმა“ 29 აპრილიდან წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად ომის გამო პროდუქციის რეალიზაციის გართულება და ასევე, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაასახელა. „IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.
ამასთან, IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა სანქცირებული პირებისგან „ბორჯომის“ აქციების ნაწილის მიღებაზე თანახმაა.