LIVE

კომპანია, რომელიც რუსეთში McDonald’s-ის ქსელს ჩაანაცვლებს, ახალ ლოგოს აქვეყნებს

10 ივნ 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 824
კომპანია, რომელიც რუსეთში McDonald’s-ის ქსელს ჩაანაცვლებს, ახალ ლოგოს აქვეყნებს

კომპანია, რომელიც რუსეთში McDonald’s-ის ქსელს ჩაანაცვლებს, ახალ ლოგოს აქვეყნებს. კომპანიის განცხადებით, ლოგოზე გამოსახული ორი ყვითელი ჯოხი კარტოფილს, ყვითელ-ნარინჯისფერი წრე კი ბურგერს აღნიშნავს. 

"ლოგოს მწვანე ფონი სიმბოლოა პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის, რომელსაც ჩვენი სტუმრები შეჩვეულნი არიან", - აღნიშნულია განცხადებაში.  

კომპანია მოსკოვსა და მის შემოგარენში 15 რესტორნის გახსნას 12 ივნისს, ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულზე - რუსეთის დღეზე გეგმავს. სწრაფი კვების რესტორნების ქსელის სახელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მისი მობილური აპლიკაცია დღეს სახელით "ჩემი ბურგერი" შეიცვალა. 

McDonald’s-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში რესტორნების მუშაობა შეაჩერა. რუსეთში McDonald’s-ის რესტორნების ქსელი გასულ თვეს კომპანიის ლიცენზიანტმა, ალექსანდრ გოვორიმ იყიდა

ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი რუსეთში 850 რესტორანს ფლობდა და 62,000 ადამიანს ასაქმებდა. McDonald’s-ის მოთხოვნით, გოვორი თანამშრომლებს მინიმუმ ორი წლის განმავლობაში არსებული პირობებით შეინარჩუნებს. 

რუსეთში McDonald’s-ის ცნობილი ყვითელი თაღების გაქრობა სიმბოლურია, რამდენადაც ის იყო პირველი დასავლური ბრენდი, რომელმაც 1990 წელს ობიექტი გახსნა. ის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის პერიოდის დაძაბულობის განმუხტვის ძლიერი სიმბოლო გახდა. 

უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 1000-მდე დასავლურმა კომპანიამ დატოვა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია