McDonald’s-ის კორპორაცია თანახმაა, რომ რუსული ბიზნესი არსებულ ლიცენზიანტ ალექსანდრ გოვორს მიყიდოს.
სწრაფი კვების ქსელის დღეს გავრცელებული განცხადებით, გოვორი შეიძენს რუსეთში რესტორნის მთელ პორტფელს და მას ახალი სახელით ამუშავებს. შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია. McDonald’s ვარაუდობს, რომ გარიგება უახლოეს კვირებში დასრულდება.
გოვორი 2015 წლიდან McDonald’s-ის ლიცენზიანტია და ციმბირში 25 რესტორანს მართავდა.
რუსეთში McDonald’s-ის გაქრობა სიმბოლურია, რამდენადაც ის იყო პირველი დასავლური ბრენდი, რომელმაც 1990 წელს ობიექტი გახსნა. ის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის პერიოდის დაძაბულობის განმუხტვის ძლიერი სიმბოლო გახდა.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ McDonald's რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზრიდან საბოლოოდ გადის.
რესტორნების ცნობილი ქსელი ქვეყანაში 850 რესტორანს ფლობს და 62,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. McDonald’s-ის განცხადებით, გოვორი თანამშრომლებს მინიმუმ ორი წლის განმავლობაში არსებული პირობებით შეინარჩუნებს.
უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეტრინ ლარკინი