LIVE

ხვიჩა მაქაცარიამ Beeline $45 მილიონად იყიდა

08 ივნ 202219:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 1546
ხვიჩა მაქაცარიამ Beeline $45 მილიონად იყიდა

კომპანია Beeline-ის (VEON Georgia) 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა. როგორც "ბიზნეს ფორმულას" „ვიონი საქართველოში“ განუცხადეს, ტრანზაქციის ღირებულება 45 მილიონი აშშ დოლარია. 

"კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. 

გარიგების შედეგად, „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, სრულად ქართული ბიზნესჯგუფი გახდა. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა",- აცხადებენ „ვიონი საქართველოში".

თავის მხრივ, „სიბიეს ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, დაიგეგმება ბრენდის ცვლილებაც, რაც გულისხმობს ახალი სახელწოდებით ოპერირებასა და ბრენდის იდენტობის განახლებას. 

კომუნიკაციების კომისიას „ვიონი საქართველომ“ ხვიჩა მაქაცარიას მიერ „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-სგან „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით 2022 წლის 4 აპრილს მიმართა.

ცნობისთვის, „ვიონი ჯგუფის” აქციების 47.9% სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებული კომპანია LetterOne-ის საკუთრებაშია.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ჰოლდინგური კომპანია „სიბიეს ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჰოლდინგი აერთიანებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო", „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.

ხვიჩა მაქაცარია ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში. მათ შორის: შპს “თბილისი მოლი“ - 26%, “გლობალ უთილითი სოლუშენს“ - 50%, “ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ“- 65%, შპს "ემ კა ენერჯი" - 100%, “მელისა გრუპი“ - 75%, “ბლექ სი ჰოტელს გრუპ“ - 55% და სხვა.

2020 წელს ხვიჩა მაქაცარია "თელასის" მეწილე გახდა. კერძოდ, მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "ბესტ ენერჯი გრუფმა" 32 380 383 ლარად შეიძინა “თელასის” 24.5%-იანი წილი. 

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მაქაცარიას სახელს უკავშირდება "კავკასუს ონლაინის" აზერბაიჯანულ კომპანია NEQSOL-ზე გასხვისება, რასაც კომუნიკაციების კომისია უკანონოს უწოდებს. კერძოდ, თავდაპირველად 2019 წელს ხვიჩა მაქაცარიამ, რომელიც Caucasus Online-ის 100%-იან წილს ფლობდა, 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს მიყიდა, ხოლო გასულ წელს დარჩენილი 51%-იც გაასხვისა.