LIVE

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუსი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო

15 ოქტ 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1114
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუსი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ ცნეს სამართალდამრღვევად და ამჯერად კომპანიას წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მეორედ დაევალა. 

ამასთან, „კავკასუს ონლაინმა" წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას 31 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.

"შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის წილების 49%-ის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი 51%. მიუხედავად იმისა, რომ 49%-ის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით „კავკასუს ონლაინი“ კომუნიკაციების კომისიამ რამდენჯერმე დაასანქცირა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია.  ამის შემდგომ,  2021 წლის 22 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ კვლავ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვისა და წინასწარი თანხმობის გარეშე  კომპანიის დარჩენილი 51% გაასხვისა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ დაარღვია",- წერია კომისიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომისიის ცნობითვე, „კავკასუს ონლაინს“  წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება 2021 წლის 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით დაევალა, მაგრამ კომპანიას ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია. 

Neqsol Holding-ი  „კავკასუს ონლაინის“ 100%-ის მფლობელი კომპანიაა. კომპანიის წილები აზერბაიჯანული ჰოლდინგის მფლობელობაში ისე გადავიდა, რომ კომუნიკაციების კომისია კანონის შესაბამისად წინასწარ გაფრთხილებული არ ყოფილა. „კავკასუს ონლაინი“ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა, რის გამოც მისი ახალი მფლობელი Neqsol Holding-ი თვლის, რომ კომპანიას კომისიის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონდა.

Neqsol Holding-ი "კავკასუს ონლაინის“ მფლობელი 2019 წელს გახდა. კომუნიკაციების კომისიისგან ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა არ გაცემულა და კომისიამ, წესის დარღვევის გამო, კომპანია არაერთხელ დააჯარიმა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა, კომისიას არ წარმოუდგენია არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქცია ბაზარზე. გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, კომპანიას სპეციალური მმართველი დაუნიშნა. კანონს საკმაოდ ნეგატიური და კრიტიკული შეფასება მოჰყვა ვენეციის კომისიისგან.