
ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თურნავა გუნდის წევრად რჩება.
ნათია თურნავას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ოთარ შამუგია იქნება.
„მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განვახორციელეთ. ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ლევანი წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ბოლო 5 წელი სამინისტროსა და ქვეყანას ერთგულად ემსახურა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ის განათლებით ეკონომისტია. ძალიან კარგი ცოდნა აქვს და ახლა უკვე გამოცდილება აქვს დაგროვილი. მჯერა, წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება. ლევანი ამავდროულად ვიცე-პრემიერია და რა თქმა უნდა, ეს თანამდებობაც შეუნარჩუნდება.
რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გაწეული სამსახურისთვის მადლობა ვუთხრა. ნათია იყო, არის და რჩება ჩვენი გუნდის წევრად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასული წლის დეკემბერშიც ვრცელდებოდა, რასაც თურნავა კატეგორიულად უარყოფდა.