გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისთვის,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მომზადებულ მოხსენებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი და იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის დროებით ლეგალურად დასაქმება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების პროგრამის ამოქმედება ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლომდე ანონსდებოდა.
პარალელურად, გერმანიაში, სადაც შეთანხმების მიხედვით წლიური კვოტა 5 000 ადამიანისთვისაა გათვალისწინებული, სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოზე ამ დრომდე მხოლოდ 440 მოქალაქე დასაქმდა. კერძოდ, 2021 წელს დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით - 132 მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გერმანიაში წასული ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენლები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ დაპირებულზე დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ და მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელში მძიმე პირობები იყო. მათ დამსაქმებელი შეუცვალეს, თუმცა ნაწილი საქართველოში დაბრუნდა და დასაქმების სააგენტოს სასამართლოში უჩივლა.
რაც შეეხება ისრაელს, სადაც დასაქმებულების პირველი ჯგუფის წასვლა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისის ბოლოს იგეგმებოდა, ირკვევა რომ მსურველების შერჩევის პროცესი კვლავ არ დასრულებულა. კერძოდ, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ისრაელში დასაქმების მიზნით რეგისტრირებული 2 076 მოქალაქიდან შეირჩა 60 და ახლა ე.წ. „ლატარიის“ ეტაპზე არიან. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს დასაქმება 1 წლით, მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეუძლიათ, თუმცა როგორც გასული წლის ბოლოს "ბიზნეს ფორმულას" დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, ისრაელში დასაქმების მსურველებს კრიტერიუმების დაკმაყოფილება უჭირდათ. მოხსენების თანახმად, მომზადდა მოკლევადიანი სასწავლო კურსი, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა 1 000 მოქალაქეს ექნება.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთთან ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებას ხელი 2021 წლის 30 ნოემბერს მოეწერა, თუმცა პროცესი ჯერ არ დაწყებულა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა მსგავს თანამშრომლობას გეგმავს, მოხსენებაში დასახელებულია 9 ქვეყანა: პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი.