LIVE

ისრაელში დასაქმების მსურველი ქართველების უმეტესობა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს

01 ნოე 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1786

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველებს კრიტერიუმების დაკმაყოფილება უჭირთ. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, ისრაელში დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 1563-მა მოქალაქემ გაიარა, თუმცა მათგან 125 შეესაბამებოდა მინიმალურ კრიტერიუმებს, საბოლოოდ კი განხილვის პროცესში მხოლოდ 60 განაცხადი დარჩა.

თავდაპირველად ანონსდებოდა, რომ დასაქმებულების პირველი ჯგუფი ისრაელში ივნისის ბოლოს გაემგზავრებოდა, თუმცა შერჩევის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა, რასაც დასაქმების სააგენტოში სწორედ კრიტერიუმების დაკმაყოფილების პრობლემით ხსნიან.

„შეთანხმების განხორციელების პროცესსა და ტემპებზე ძირითადად გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ისრაელის მიერ მოთხოვნილია შინმოვლის სპეციალობით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვევაა. მიმდინარეობს მუშაობა პროფესიულ სასწავლებლებთან, კოლეჯებთან, რათა უფრო აქტიურად მოხდეს აღნიშნული პროფესიის მქონე პირთა მომზადება/გადამზადება“,- აღნიშნავენ სააგენტოში.

რაც შეეხება ლეგალური დასაქმების პროგრამას გერმანიაში, რომელსაც დიდი დაინტერესება მოჰყვა და 98 750 მოქალაქე დარეგისტრირდა. როგორც დასაქმების სააგენტოში აღნიშნავენ, 27 ოქტომბრის მდგომარეობის გერმანიაში სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოზე 271 პირი დასაქმდა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს 1 500-მდე მოქალაქის განაცხადი გადაეგზავნა გერმანულ მხარეს, თუმცა შეთავაზებულ ვაკანსიაზე, სხვადასხვა მიზეზით, უარი თქვა საქართველოს 866-მა მოქალაქემ.

სააგენტოს შეფასებით, არსებული შეთანხმებების იმპლემენტაცია „შეუფერხებლად მიმდინარეობს“. მთავარი მიზანი კი, ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავება, მეტი ევროპული და წამყვანი შრომითი სტანდარტის გაცნობა და ქვეყნის განვითარებისათვის გადმოტანაა.

შეგახსენებთ, ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყო და და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეები დასაქმებას 1 წლით, მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეძლებენ.

გერმანიაში კი საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან დაიწყო. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში წასული ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენლები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ დაპირებულზე დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ და მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელში მძიმე პირობები იყო. ამის შემდეგ, მათ დამსაქმებელი შეუცვალეს, თუმცა ნაწილი საქართველოში დაბრუნდა და დასაქმების სააგენტოს უჩივის.