LIVE

პროფკავშირები: გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები უმძიმეს პირობებში არიან

19 მაი 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1039
პროფკავშირები: გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები უმძიმეს პირობებში არიან

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.  

მათი ინფორმაციით, დასაქმებულები ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ შრომის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მათი გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი. არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინსპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება.

პროფკავშირების გაერთიანება თავის მხრივ მიღებულ ინფორმაციას რეაგირებისთვის პარტნიორ გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას მიაწვდის",- აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გერმანიაში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ჯამში ოთხი ჯგუფი, საქართველოს 54 მოქალაქე გაემგზავრა.