LIVE

რუსეთი ბაზრის დატოვების მსურველი დასავლური კომპანიების ხელში ჩასაგდებად ემზადება

26 მაი 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1279
რუსეთი ბაზრის დატოვების მსურველი დასავლური კომპანიების ხელში ჩასაგდებად ემზადება
MIKHAIL KLIMENTYEV/AFP

რუსეთი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს აიღოს კონტროლი დასავლური კომპანიების ადგილობრივ ბიზნესებზე, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო ბაზრის დატოვება გადაწყვიტეს. კანონი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში მიიღონ, მისცემს რუსეთს ფართო უფლებამოსილებას ჩაერიოს იქ, სადაც "სამუშაო ადგილებს ან მრეწველობას ემუქრება საფრთხე". 

უცხოელი ინვესტორებისთვის საკუთრების ჩამორთმევის კანონი მოჰყვება რუსეთიდან დასავლური კომპანიების სრულად გამოსვლას, როგორიცაა Starbucks, McDonald's და ლუდსახარში AB InBev და ზრდის ზეწოლას მათზე, რომლებსაც ბაზარი ჯერ არ დაუტოვებიათ.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში გადადის ორნიშნა ინფლაციის ფონზე.

იტალიური UniCredit-ი, ავსტრიული ბანკი Raiffeisen-ი, მსოფლიოში უმსხვილესი ავეჯის ბრენდი IKEA, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Burger King-ი და ასობით პატარა კომპანია კვლავ ახორციელებს ბიზნესს რუსეთში.  

IKEA-მ, რომელმაც რუსეთში ყველა ოპერაცია შეაჩერა, განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. Raiffeisen-ი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის ბაზრის დატოვებას. 

კანონპროექტი გზას უხსნის რუსეთს, დანიშნოს მმართველი იმ კომპანიებში, რომლებსაც “არამეგობრული ქვეყნების” მოქალაქეები ფლობენ და სურთ რუსეთის დატოვება, რადგან უკრაინასთან კონფლიქტი ანგრევს მის ეკონომიკას.

მოსკოვი უწოდებს ქვეყნებს “არამეგობრულს”, თუ მათ დააწესეს ეკონომიკური სანქციები რუსეთზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში ან შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანია რისკის ქვეშაა.

ევროკომისიას სურს პოზიციის გამკაცრება, რაც დანაშაულად აქცევს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევას. გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს ევროკავშირის მთავრობებს, ჩამოართვან აქტივები იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც თავს არიდებენ რუსეთზე დაწესებულ შეზღუდვებს.

დასავლური კომპანიების მიერ ქვეყნის დატოვებამ რუსი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.  ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელიც ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა დასავლურ კომპანიებს, რომლებიც “ცდილობენ შეზღუდონ რუსეთის განვითარება”.

“მთავრობა დაინტერესებულია სამუშაო ადგილების და საგადასახადო შემოსავლების შენარჩუნებით. პირველ რიგში, მთავრობა წესებს მსხვილ კომპანიებზე გამოიყენებს. მმართველის დანიშვნის თავიდან აცილების მიზნით, კომპანიებმა უნდა აჩვენონ, რომ არ ტოვებენ თავიანთ რუსულ ბიზნესს”, - განაცხადა სერგეი სუხანოვმა, რისკის მართვისა და შესაბამისობის საკონსულტაციო კომპანია RSP International-ის იურისტმა.

კანონპროექტი ადგენს ინტერვენციისთვის კრიტერიუმების ფართო სპექტრს, მაგალითად, როდესაც კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ადგილობრივი დამსაქმებელი ან უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მომსახურებას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია გაამართლოს კონტროლის მოპოვება მრავალი მიზეზის გამო.

კანონპროექტში მოცემულია სამედიცინო მოწყობილობების კომპანიების მაგალითი, მაგრამ ასევე ჩამოთვლილია მრავალი სხვა სექტორი, როგორიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, ისევე როგორც ყველა კომპანია, რომელთა დახურვამ შეიძლება გაზარდოს ფასები.

სახელმწიფოს მიერ დანიშნულ მმართველს ასევე მიეცემა უფლება, გაყიდოს ჩამორთმეული ბიზნესი, ხოლო მის ყოფილ მფლობელებს რუსეთში ბიზნესის კეთება აეკრძალებათ.

სასამართლომ ან ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიძლება გადაწყვიტონ, რომ დანიშნონ პასუხისმგებელი მმართველი, როგორიცაა რუსული განვითარების ბანკი VEB-ი.

კანონპროექტი რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ მას ჯერ კიდევ ელოდება ორი მოსმენა და განხილვა ზედა პალატაში, სანამ პროექტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ამას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.  

რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეარჩევს კომპანიებს მხოლოდ “კრიტიკულ შემთხვევებში”, სადაც წარმოების ან სამუშაო ადგილების დაცვაა საჭირო.