LIVE

საქართველო სავალუტო ფონდთან $289 მილიონიან პროგრამაზე შეთანხმდა

01 აპრ 202216:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
საქართველო სავალუტო ფონდთან $289 მილიონიან პროგრამაზე შეთანხმდა

საქართველო სავალუტო ფონდთან $289 მილიონის მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმდა. სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მაისში უნდა განიხილოს და დამტკიცების შემდეგ, საქართველო საჭიროების შემთხვევაში თანხის მიღებას შეძლებს.

სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში დაეხმარება. ასევე, ხელს შეუწყობს ძლიერ და ინკლუზიურ ზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და მიუთითებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება.

„საქართველოს ეკონომიკამ წარსულში მდგრადობა გამოავლინა და, მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ველით“,- აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.

სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად, მიმდინარე და მომავალ წელს, მნიშვნელოვან პროგრესს მოელიან, რადგანაც ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი გლობალური ფაქტორები მიილევა.

ფონდის შეფასებით, საქართველოს საფინანსო სექტორმა პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა. 

"ეკონომიკის ზრდის ტემპის დასაჩქარებლად და მეტი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმები მიმართული იქნება განათლებაზე და სწავლებაზე, უმუშევრობის შემცირების მიზნით და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად; ასევე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ეს ძალისხმევა წაადგება ბიზნეს გარემოს, ქვეყნის ინტეგრაციას რეგიონში, სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ზრდას",- აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.