LIVE

Azovstal-ის მფლობელი ომით მიყენებული ზარალის გამო რუსეთს უჩივის

26 მაი 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1350
Azovstal-ის მფლობელი ომით მიყენებული ზარალის გამო რუსეთს უჩივის

უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი აპირებს, რომ რუსეთს ომის ფონზე მისი ქონების განადგურებისთვის უჩივლოს და ზარალისა და დაკარგული შემოსავლის შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვოს. ამის შესახებ მილიარდერმა ადგილობრივ საინფორმაციო პლატფორმა NV-თან ინტერვიუში განაცხადა

ომამდე არსებული მდგომარეობით, რინატ ახმეტოვის საკუთრებაში არსებული სამრეწველო აქტივების ღირებულება $20 მილიარდს აჭარბებდა. ახმეტოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, აქტივები, როგორიცაა Azovstal-ის ფოლადის ქარხანა, Illich Steel-ისა და Iron Works, Avdiivka Coke Plant, Luhansk Thermal Power Plant და ათობით სხვა სამრეწველო ინფრასტრუქტურა და მწვანე ენერგიის ობიექტი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, ომამდე მარიუპოლის ორი საწარმოს - Azovstal-ისა და Illich Steel-Iron Works-ის კაპიტალიზაცია დაახლოებით $10 მილიარდი იყო.

ახმეტოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გაანადგურა $1 მილიარდის ღირებულების ნედლეული. მარიუპოლში მდებარე Azovstal ფოლადის ქარხანა რუსული სამხედრო ოპერაციის მთავარი სამიზნე იყო.

ქალაქ მარიუპოლზე საუბრისას ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მარიუპოლი იყო და იქნება უკრაინული ქალაქი და აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტის პირობებში შეიძლება მარიუპოლის აღდგენა. მედიის თანახმად, ახმეტოვმა ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია არასოდეს იმუშავებს რუსული ოკუპაციის ქვეშ. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 23 თებერვალს უკრაინის უმდიდრესი ადამიანის ქონება $9.53 მილიარდს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით, ის $7.06 მილიარდით სიაში 315 ადგილს იკავებს.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30 იანვარს უკრაინა 30-მა ცნობილმა ბიზნესმენმა და არაერთმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის იყო რინატ ახმეტოვი. მისი პრესმდივნის თქმით, მილიარდერის გამგზავრება წინასწარ იყო დაგეგმილი და ის შესაძლო ომს არ გაჰქცევია. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნდა. გასულ თვეს მილიარდერმა განადგურებული მარიუპოლის აღდგენის პირობა დადო