
უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის ზუსტ ადგილსამყოფელს არ ამხელს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ზელენსკისთან უთანხმოება განზე გადადო და თავს მის გუნდში მოიაზრებს. ახმეტოვის განცხადებით, ქვეყანას დაეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე ბრძოლაში.
მათი საერთო საზრუნავი მარიუპოლია, განადგურებული ქალაქი, სადაც ახმეტოვის System Capital Management-ს ფოლადის ქარხნები აქვს და სადაც რუსული ძალების დაუნდობელი თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 170,000 მშვიდობიანი მოქალაქე საკვებისა და წყლის გარეშე დარჩა.
"ისინი წყურვილით და სიცივით კვდებიან - ეს არის გენოციდი. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მარიუპოლში დახმარების მიტანა და ხალხის ევაკუაცია არ შეგვიძლია, რადგან რუსული ჯარები აგრძელებენ ჩვენი კოლონების დაბომბვას და ბლოკირებას",- ამბობს ახმეტოვი.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიზნესმენის ქონება $6 მილიარდს შეადგენს, რაც 45%-ზე მეტით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა.
მარიუპოლში ბიზნესმენს ორი ქარხანა აქვს და ჯამში 40 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებში ოპერაციები შეჩერებულია, კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას აგრძელებს.
"როცა დრო დადგება, SCM Group აუცილებლად შეიტანს სარჩელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რუსული სამხედრო აგრესიით მიყენებული ყველა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით",- განაცხადა ახმეტოვმა.
რამდენიმე კვირის წინ უკრაინის ლიდერმა მილიარდერები ქვეყნის დატოვების გამო გააკრიტიკა. რინატ ახმეტოვმა უკრაინა 30 იანვარს დატოვა და ევროპაში გაემგზავრა. მისი პრესმდივნის თქმით, მილიარდერის გამგზავრება წინასწარ იყო დაგეგმილი და ის შესაძლო ომს არ გაჰქცევია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30 იანვარს უკრაინა 30-მა ცნობილმა ბიზნესმენმა და არაერთმა დეპუტატმა დატოვა.
რინატ ახმეტოვი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ზელენსკის მიერ ოლიგარქების შესახებ მიღებული კანონი ეხება. უკრაინის ყველაზე ძლევამოსილ ბიზნესმენებს მცირე დრო რჩებათ იმისთვის, რომ უარი თქვან აქტივებზე, რომლებიც მათ ოლიგარქებად აქცევს გასულ წელს მიღებული კანონით.
ახლად მიღებული კანონი უფლებას აძლევს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს, მიანიჭოს პირს ოლიგარქის სტატუსი ოთხიდან სამი კრიტერიუმის არსებობის საფუძველზე: ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენის დონე, მონოპოლიური კომპანიის ფლობა ან კონტროლი და აქტივები, რომლებიც აღემატება 2,4 მილიარდ გრივნას ($85 მილიონი).
ახმეტოვმა გააკრიტიკა კანონი ოლიგარქების შესახებ და მას ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ სტაპლსი