LIVE

უკრაინის უმდიდრესი ადამიანი მარიუპოლის აღდგენის პირობას დებს

16 აპრ 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 5270
უკრაინის უმდიდრესი ადამიანი მარიუპოლის აღდგენის პირობას დებს
Reuters

უკრაინის უმდიდრესი ადამიანი განადგურებული მარიუპოლის აღდგენის პირობას დებს. რინატ ახმეტოვი, რომელიც ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქში ფოლადის 2 ქარხანას ფლობს, დარწმუნებულია, რომ “მამაცი უკრაინელი სამხედროები” დაიცავენ აზოვის ზღვის ქალაქს, რომელიც რუსეთმა 7 კვირიანი უწყვეტი დაბომბვების შედეგად გაანადგურა. 

თუმცა, ამ დროისთვის, მისმა კომპანია Metinvest-მა გამოაცხადა, რომ არ შეუძლია მიწოდების კონტრაქტების შესრულება.

“მარიუპოლი არის მსოფლიო ტრაგედია და გმირობის მაგალითი. ჩემთვის მარიუპოლი იყო და ყოველთვის იქნება უკრაინული ქალაქი. მჯერა, ჩვენი მამაცი მეომრები დაიცავენ ქალაქს, თუმცა მესმის, რამდენად რთული და მძიმეა ეს მათთვის”,- განაცხადა ახმეტოვმა.

15 აპრილს Metinvest-მა განაცხადა, რომ არასოდეს იმუშავებს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რომ მარიუპოლის ალყამ გააუქმა უკრაინის ფოლადის წარმოების შესაძლებლობების მესამედზე მეტი.

ახმეტოვმა მოიწონა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი” ომის დროს.

როგორც ჩანს, ბიზნესმენსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ შეთქმულები, რომლებსაც მთავრობის დამხობა სურთ, ცდილობენ ბიზნესმენის გადაბირებას. მაშინ ახმეტოვმა ბრალდებას “აბსოლუტური სიცრუე” უწოდა.

“ომისას, რა თქმა უნდა, არ არის კონფლიქტის დრო. ჩვენ აღვადგენთ მთელ უკრაინას”, - განაცხადა ახმეტოვმა და დასძინა, რომ ქვეყანაში 23 თებერვალს დაბრუნდა და მას შემდეგ იქ იმყოფება.