LIVE

5 წლის განმავლობაში პირველად, „საქართველოს რკინიგზა“ ₾53 მილიონიან მოგებაზე გავიდა

24 მაი 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1200
5 წლის განმავლობაში პირველად, „საქართველოს რკინიგზა“ ₾53 მილიონიან მოგებაზე გავიდა

“საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ წელი ზარალის გარეშე დახურა.

2021 წელს კომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა და 12 მილიონი ტონა შეადგინა. 

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და გასულ წელს კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

2016 წელს საქართველოს რკინიგზა 65.1 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, შემდეგი წლების განმავლობაში კი ზარალს აფიქსირებდა:

  • 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ
  • 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ
  • 2019 წელი  - ზარალი ₾5.5 მლნ
  • 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ

აღსანიშნავია, რომ ძველი ვალის დასაფარად "საქართველოს რკინიგზამ" გასულ წელს ახალი, $500 მილიონიანი ვალი აიღო, რაც პრივატიზაციის შესაძლებლობას უზღუდავს. კერძოდ, 2021 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ $500 მილიონის მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7 წლის ვადით განათავსა, რამაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიის ნაწილობრივ გასხვისების საკითხი 7 წლით გადაავადა. 

„საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ რკინიგზის მთლიანად გასხვისება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია.