LIVE

მთავრობა "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზაციას უახლოეს 7 წელში არ გეგმავს

21 ივნ 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1037

ძველის ვალის დასაფარად აღებული ახალი $500 მილიონიანი ვალი "საქართველოს რკინიგზას" პრივატიზაციის შესაძლებლობას უზღუდავს. კერძოდ, სახელმწიფო კომპანიის ნაწილობრივ გასხვისების გეგმები სავარაუდოდ, 7 წლით გადავადდა, რადგან როგორც ემისიის პროსპექტიდან ირკვევა, კომპანიის მიმართ ინვესტორების ნდობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ სახელმწიფოს მფლობელობაა, შესაბამისად, სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, რომ ევრობონდების მოქმედების პერიოდში "საქართველოს რკინიგზაზე" კონტროლს არ დათმობს კერძო ინტერესების სანაცვლოდ. 

"კომფორტი ინვესტორებისთვის რა თქმა უნდა არის შექმნილი, რომ ევრობონდების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო კონტროლს არ დათმობს ამ კომპანიაზე, ანუ შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში. ეს არ არის გარანტია, ეს არის პროსპექტის ნაწილი, სადაც გაცხადებაა გაკეთებული, რომ სახელმწიფო კონტროლს არ დათმობს შვიდი წლის განმავლობაში, ვიდრე ეს ევროობლიგაცია იქნება განთავსებული," განმარტა გადაცემაში "ბიზნესი Bloomberg-თან ერთად" TBC Capital-ის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ ემისიის პროსპექტში კომპანიის რისკ-ფაქტორებს შორის დასახელებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან სავალდებულო ჰარმონიზაციის პროცესი. კანონმდებლობის შეცვლა და "საქართველოს რკინიგზის" რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფად დაყოფა ქვეყანას 2022 წლიდან უწევს. სწორედ ამ საკითხს მიიჩნევენ ინვესტორები შესაძლო ნეგატიურ რისკად, რასაც გავლენა ექნება კომპანიის ოპერირებაზე. დოკუმენტში მოყვანილია ერთგვარი მოდელიც, რომლის მიხედვით რკინიგზა რამდენიმე შვილობილ კომპანიად უნდა დაიყოს - მათ შორის უნდა გაიყოს სატვირთო და სამგზავრო გადაყვანები, ასევე შეიქმნას ლიცენზიების გამცემი და ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანია. ზუსტი მოდელი, თუ როგორ ჩამოყალიბდება რკინიგზის მენეჯმენტი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინვესტორებისგან მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული სიგნალი და გაფრთხილება, რომ ვალდებულებების შესრულება არ უნდა გულისხმობდეს მის გაყიდვას და თავის მხრივ, მთავრობაც მზად არის ეს პირობა დადოს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გახდება მთავრობა პასუხისმგებელი რკინიგზის მიერ აღებულ $500 მილიონიან ვალზე, თუკი კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნება, საინვესტიციო ბანკები განმარტავენ, რომ მთავრობას ამის ვალდებულება არ აქვს. თუმცა, სახელმწიფო მფლობელობა მაინც მთავარი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინვესტორებისთვის, რომ რკინიგზის ფასიან ქაღალდებში დაებანდებინათ საკუთარი ფული.

"არსად არ წერია, რომ მთავრობა გარანტიას იღებს და ის მაინც და მაინც გვერდში დაუდგება. ეს არის, ასე ვთქვათ, ფაქტი, რომ კომპანია სახელმწიფოს მფლობელობაშია და ამ რისკს, სახელმწიფო დაეხმარება თუ არა ინვესტორი თავის თავზე იღებს. არსად გარანტირებულად არ წერია, რომ მთავრობა დაუდგება გარანტირებულად გვერდში კომპანიას. აქედან გამომდინარე, ეს არ ითვლება სახელმწიფო ვალში და თუ რამე რისკი დადგა, ეს უკვე მთავრობის სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დაუდგება გვერდში მის სტრატეგიულ აქტივს, ამისი პირდაპირი ვალდებულება არ არსებობს," განმარტა Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

„საქართველოს რკინიგზამ“ $500 მილიონის მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7 წლის ვადით, წლიურად 4%-ად გასულ კვირაში განათავსა და მიღებული თანხით გეგმავს ძველი ვალის გადაფარვას, ასევე მწვანე პროექტებში ინვესტირებას.

რაც შეეხება წინა ვალს, რომლის რეფინანსირებაც ახალი ევრობონდებით განხორციელდა, სახელმწიფო კომპანიამ 500 მილიონი დოლარის ვალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ბოლოს 2012 წელს აიღო, 7.75%-ად. გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოზიდული ფინანსები სწორედ ამ ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება. 

აღსანიშნავია, რომ რკინიგზის მწვანე ბონდებში ინვესტირებით ფიზიკური პირების და საინვესტიციო ფონდების გარდა დაინტერესდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც - მათ შორის, EBRD და ADB.