LIVE

რუსეთის მტკიცებით, Gazprom-ის კლიენტების ნახევარმა რუბლის ანგარიშები გახსნა

19 მაი 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 782
რუსეთის მტკიცებით, Gazprom-ის კლიენტების ნახევარმა რუბლის ანგარიშები გახსნა
Oliver Bunic/Bloomberg

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, Gazprom-ის უცხოელი კლიენტების დაახლოებით ნახევარმა დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა Gazprombank-ში რუბლის ანგარიშის გახსნის შესახებ. 

"ვფიქრობ, გვყავს დაახლოებით 54 კომპანია, რომლებსაც აქვთ კონტრაქტები Gazprom Export-თან. ჩემი მონაცემებით, მათგან დაახლოებით ნახევარმა უკვე გახსნა სპეციალური ანგარიშები ჩვენს უფლებამოსილ ბანკში - უცხოური ვალუტის და რუბლის ანგარიშები", - თქვა ნოვაკმა დღეს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე. 

მან არ დაასახელა ის კომპანიები ან ქვეყნები, რომლებიც გადახდის ახალ მექანიზმს აკმაყოფილებენ და მხოლოდ ის თქვა, რომ Gazprom-ის ზოგიერთმა მსხვილმა კლიენტმა ენერგიის მისაღებად უკვე გადაიხადა ან მზად არის, რომ დროულად გადაიხადოს, რათა თავიდან აირიდოს მიწოდების შეწყვეტა. 

გადახდის ვადების მოახლოებასთან ერთად, ბაზარი ინარჩუნებს სიფრთხილეს. მოსკოვმა უკვე შეაჩერა მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში. ფინეთის განცხადებით, არსებობს "რეალური რისკი", რომ ამ კვირაში რუსეთი მიწოდებას მასაც შეუწყვეტს, რადგან ის უარს ამბობს რუბლებში გადახდაზე.

ევროკავშირში, სადაც გასულ წელს გაზის დაახლოებით 40% რუსეთიდან იყო იმპორტირებული, პუტინის მოთხოვნის გამო, აზრი ორად გაიყო. ბლოკმა წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ შემოთავაზებული გადახდის მექანიზმი არღვევს სანქციებს, თუმცა ევროკომისიას წერილობით არ გაუვრცელებია ბრძანება, რომელიც კომპანიებს პირდაპირ უკრძალავს ახალი წესების მიხედვით გადახდას. 

ნოვაკმა ფორუმზე ასევე განაცხადა, რომ ამჟამად აღდგენის პროცესშია ნავთობის მოპოვება, რომელიც მარტსა და აპრილში შემცირდა. 

"აპრილში შევამცირეთ წარმოება დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელით, მაისში კი 200 000-დან 300 000 ბარელამდე გავზარდეთ. ივნისში ველით შემდგომ აღდგენას", - ნოვაკმა. 

ამ კვირაში გამოქვეყნებული საბაზისო სცენარის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ელოდება, რომ ქვეყნის ნავთობის მოპოვება მიმდინარე წელს 475,3 მილიონ ტონამდე შემცირდება, რაც 9,3%-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით.  

პროგნოზის თანახმად, ამ წარმოების თითქმის ნახევარი - 228.3 მილიონი ტონა - გაიგზავნება საზღვარგარეთ, სადაც წლიურ დონეზე მხოლოდ 1.2%-ით შემცირდება, ხოლო ნავთობპროდუქტების ექსპორტის კლება 20%-ს მიაღწევს.

სამინისტრო ვარაუდობს, რომ გაზის წარმოება მიმდინარე წელს 5,6%-ით შემცირდება და 720,9 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. მილსადენის გაზის ექსპორტი 10%-ით 185 მილიარდ კუბურ მეტრამდე მცირდება, თუმცა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება, პროგნოზის თანახმად, 5.5%-ით გაიზრდება და 30.7 მილიონ ტონას მიაღწევს.

მარტის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უახლოს მომავალში რუსეთი არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების საფასურის რუბლში გადახდებზე გადადის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია