LIVE

ირაკლი ლექვინაძე - მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ

16 მაი 202218:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 2426
ირაკლი ლექვინაძე - მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ.

როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.

„საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოზე, სადაც საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.

მისივე განმარტებით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10 თეთრიანი კლება საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია.

ცნობისთვის, სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი პრემიერის დავალებით დაიწყო. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. როგორც დღეს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნახელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანაში საწვავი გაიაფდება.