LIVE

ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს - ლევან დავითაშვილი

16 მაი 202215:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1066
ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის კვლევა დაასრულა.

როგორც დავითაშვილმა განმარტა, მონიტორინგმა აჩვენა, რომ საცალო ქსელებში არსებული ფასების ზრდის ეფექტი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდასთან თანხვედრაში არ არის. შესაბამისად, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანაში საწვავი გაიაფდება.

„კონკურენციის სააგენტოს საინტერესო მიგნებები აქვს. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ საცალო ქსელებში არსებული ფასების ზრდის ეფექტი საერთაშორისო ბაზარზე ფასების გაძვირებასთან თანხვედრაში არ არის. მას ჰქონდა თავისი ინერცია, რომელიც რამდენიმეკვირიანი იყო. ამ რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ე.წ. ტაბლოებზე საწვავის საცალო ფასები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო როგორც საწვავის საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით კომპანიებთან შეხვედრა დაავალა.

„რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და შესაბამისად მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს, ამიტომ ჩვენი მოლოდინი მაინც არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ერთ ჯგუფთან შეხვედრა დღესვე გაიმართება.