LIVE

რუსეთის რკინიგზამ საგარეო ვალი ვერ გადაიხადა - პირველი ოფიციალური დეფოლტი

11 აპრ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 967
რუსეთის რკინიგზამ საგარეო ვალი ვერ გადაიხადა - პირველი ოფიციალური დეფოლტი

ევროპულმა ვალის სააგენტომ რუსეთის რკინიგზის მიერ გამოშვებული ობლიგაციები დეფოლტირებულად გამოაცხადა. ეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა რუსული წარმოშობის სავალო ინსტრუმენტებზე ოფიციალური დეფოლტი გამოცხადდა.

Credit Derivatives Determinations Committee-ის თანახმად, გადაუხდელი კრედიტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც 14 მარტის კუპონზე გადახდა 10-დღიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ ინვესტორებამდე ვერ მივიდა.

დეფოლტის გამოცხადების შემდეგ ამოქმედდება კონტრაქტები, რომლებიც დეფოლტის წინააღმდეგ კომპანიის ვალს აზღვევს. ვალის მფლობელები ახლა იმის გარკვევას ელიან, თუ რა ტიპის გადახდას მიიღებენ ამ კონტრაქტების საშუალებით.

ინვესტორები ასევე აკვირდებიან მოხდება თუ არა ქვეყნის დეფოლტი სუვერენულ ობლიგაციებზე მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ორი გადახდა დოლარის ნაცვლად რუბლში განხორციელდა. თუ ასე მოხდება, ეს იქნება რუსეთის პირველი საგარეო დეფოლტი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ორივე გადახდას 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსეთის რკინიგზა ობლიგაციების კუპონის გადახდას ეცადა, მაგრამ გადახდებმა კრედიტორებამდე საბანკო ქსელის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ვალდებულებების გამო ვერ მიაღწია.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მსგავსი პრობლემები ჰქონდა გადახდებთან დაკავშირებით სანქციების გამო, რომლებმაც ქვეყანა გლობალური ფინანსურის სისტემიდან გამოთიშეს. რუსეთი აშშ-სა და სხვა ქვეყნებს ხელოვნური დეფოლტის მცდელობაში ადანაშაულებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორა ბენიტეზი