LIVE

რუსეთის რკინიგზამ ევროობლიგაციები დროულად ვერ დაფარა

08 აპრ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
რუსეთის რკინიგზამ ევროობლიგაციები დროულად ვერ დაფარა

რუსეთის რკინიგზამ 5 აპრილს ვერ დაფარა $604,5 მილიონის ევროობლიგაციები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფასიანი ქაღალდების ემიტენტი RZD Capital-ი ვერ ღებულობდა თანხებს რუსეთის რკინიგზიდან ობლიგაციების გამოსასყიდად და მათზე დაგროვილი შემოსავლის გადასახდელად. კომპანიამ მიმართა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების აღსრულების ორგანოს (OFSI) ვალის მომსახურების ლიცენზიის მისაღებად, მაგრამ მოთხოვნის დამუშავებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

4 აპრილს რუსეთის რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ New York Mellon-ის ბანკის ლონდონის ფილიალმა გააყინა კომპანიის ანგარიშები, რის გამოც ვერ შეძლო ევრობონდების გამოსყიდვა შვეიცარიულ ფრანკებში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ფრანკებში ან სხვა ვალუტაში გადახდები შეიძლება შეჩერდეს გაურკვეველი ვადით კორესპონდენტი ბანკის მიერ კანონის დაცვის აუცილებლობის გამო.

რუსეთის რკინიგზა დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ 24 მარტიდან იმყოფება, ხოლო კანადისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ - თებერვლის ბოლოდან.

მარტში, რუსეთის რკინიგზის ევროში დენომინირებული ობლიგაციების მფლობელებმა დროულად არ მიიღეს გადახდა. კომპანიას 6 მარტს $25 მილიონი უნდა გადაეხადა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში უცხოურმა ბანკებმა რუსეთს $649.2 მლნ-ის გადახდა დაუბლოკეს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვალი რუბლში გადაიხადა და ვალდებულებას შესრულებულად თვლის.