LIVE

ევროკავშირის ქვეყნებმა $32 მილიარდის რუსული აქტივები გაყინეს

08 აპრ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 791
ევროკავშირის ქვეყნებმა $32 მილიარდის რუსული აქტივები გაყინეს

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების პირველი პაკეტის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა გაყინეს დაახლოებით 29,5 მილიარდი ევროს ($32,1 მლრდ) ღირებულების აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია რუს და ბელარუს ფიზიკურ პირებთან და სუბიექტებთან. 

აქტივების "გაყინვისა და ჩამორთმევის" სამუშაო ჯგუფს 27 წევრი ქვეყნიდან ნახევარზე მეტმა აცნობა სანქციების აღსრულების მიზნით, გატარებული ზომების შესახებ. 

გაყინული აქტივები მოიცავს ნავებს, ვერტმფრენებს, უძრავ ქონებას და ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა ღირებულება თითქმის 6,7 მილიარდ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაბლოკა დაახლოებით 196 მილიარდი ევროს ღირებულების ტრანზაქცია.

"შეგახსენებთ, რომ სანქციების მიღება საკმარისი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია პროცესისთვის თვალყურის მიდევნება და სანქციების პოლიტიკის რეალობაში მოყვანა. მოვუწოდებ ყველა წევრ ქვეყანას, მიიღონ ყველა საჭირო ზომა სანქციების აღსასრულებლად, ხოლო მათ, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, დაუყოვნებლივ შეატყობინონ კომისიას", - თქვა ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა.  

ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო. ახალი შეზღუდვების ფარგლებში, სრულად იკრძალება რუსეთიდან ნახშირის იმპორტი. ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი