LIVE

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო - რას მოიცავს მე-5 პაკეტი

08 აპრ 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 868
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო - რას მოიცავს მე-5 პაკეტი

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი დღეს ოფიციალურად მიიღო

უახლესი სანქციების პაკეტის მიხედვით, რუსეთიდან ენერგეტიკული რესურსის იმპორტი პირველად აიკრძალა. ევროკავშირი რუსული ქვანახშირის იმპორტის ყველა ფორმას კრძალავს.

ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა სრულად აგვისტოს მეორე კვირიდან ამოქმედდება, თუმცა დღეიდან ახალი კონტრაქტების გაფორმება შეუძლებელია. 

არსებული კონტრაქტები აგვისტოს მეორე კვირამდე უნდა შეწყდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს სანქციის სრულად ამოქმედებამდე ევროკავშირისგან ნახშირის ექსპორტზე გადასახადების მიღება შეუძლია. 

ევროკომისიის შეფასებით, მხოლოდ ქვანახშირის აკრძალვით, რუსეთი წელიწადში 8 მილიარდ ევროს დაკარგავს. 

ქვანახშირის გარდა, ევროკავშირის ახალი სანქციები კრძალავს რუსეთიდან მრავალი სხვა საქონლისა და პროდუქტის იმპორტს, მათ შორის ხის, რეზინის, ცემენტის, სასუქების, მაღალი ხარისხის ზღვის პროდუქტების (როგორიცაა ხიზილალა) და ალკოჰოლური სასმელების (როგორიცაა არაყი), რაც დამატებით რუსეთს 5,5 მილიარდი ევროს ზარალს მოუტანს. 

ევროკავშირმა ასევე შეზღუდა რუსეთში რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი. მათ შორისაა თვითმფრინავის საწვავი, კვანტური კომპიუტერები, ნახევარგამტარები, მაღალი კლასის ელექტრონიკა და პროგრამები, ასევე, სატრანსპორტო აღჭურვილობა, საიდანაც რუსეთის შემოსავალი წელიწადში 10 მილიარდი ევროთი შემცირდება. 

სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ოთხ რუსულ ბანკთან, მათ შორის, VTB ბანკთან ტრანზაქციების სრულ აკრძალვას, ევროკავშირში მომუშავე რუსი და ბელარუსული სატვირთო გზების ოპერატორებისა და ევროკავშირში შესყიდვების ხელშეკრულებებში რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების მონაწილეობის სრულ აკრძალვას.

მიღებული ზომები ევროკავშირში რუსული გემებისა და სატვირთოს შესვლას ზღუდავს, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს ვაჭრობას.

სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის მიზნით, ახალი პაკეტით ასევე გაფართოვდა კრიპტოვალუტების გამოყენებასთან დაკავშირებული აკრძალვები.

ევროკომისიის განაცხადებით, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, დამატებით 217 ადამიანი დაემატა ევროკავშირის შავ სიას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში მათი აქტივები გაიყინება და ისინი დაექვემდებარებიან ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. ჯამში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ადამიანების რაოდენობა 900-მდე გაიზარდა.  

ბლოკი განიხილავს დამატებით სანქციების დაწესებას, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მისი პრიორიტეტია.