LIVE

იაპონია „სახალინი-2“-ის პროექტიდან გასვლას არ აპირებს

31 მარ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1172
იაპონია „სახალინი-2“-ის პროექტიდან გასვლას არ აპირებს

იაპონია ნავთობისა და გაზის „სახალინი-2“-ის პროექტიდან გასვლას არ აპირებს. როგორც იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს იაპონიისთვის ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში და გააგრძელებენ ენერგორესურსების შესყიდვას რუსეთში.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ენერგორესურსების გრძელვადიან, იაფ და სტაბილურ მიწოდებას. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროექტზე უარის თქმას“,- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში გამოსვლისას.

„სახალინი-2“-ის მთავარი ოპერატორი ამ ეტაპზე კომპანია Sakhalin Energy-ია, რომლის საკონტროლო პაკეტი „გაზპრომს“ ეკუთვნის. იაპონური ენერგეტიკული კომპანიები Mitsui და Mitsubishi ერთად აქციების 20%-ზე მეტს ფლობენ (12,5% და 10% შესაბამისად).

„სახალინ-2“ წელიწადში 10 მილიონ ტონა LNG-ს აწარმოებს, საწვავის 60%-ს კი იაპონია მოიხმარს. იაპონური კომპანიების რუსული პროექტიდან ცალმხრივი გასვლის შემთხვევაში, მთლიანმა ზარალმა შეიძლება, თითქმის $15 მილიარდი შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ იაპონური Sodeco ასევე ფლობს 30%-იან წილს „სახალინ-1“-ის ნავთობისა და გაზის პროექტში.

„სახალინ-1“-ში მონაწილეობა შეაჩერა და რუსეთი დატოვა ამერიკულმა კომპანია ExxonMobil-მაც.

უმსხვილესმა ბრიტანულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა Shell-მა და BP-მა განაცხადეს უარი რუსული ნავთობის შესყიდვაზე. Shell-მა „სახალინ-2“-ის პროექტიც დატოვა.