რუსეთის ბაზარს ამერიკული კომპანია ExxonMobil-იც ტოვებს და „სახალინ-1“-ში მონაწილეობას აჩერებს. კომპანიაში გადაწყვეტილებას რუსეთის უკრაინაში შეჭრით ხსნიან.
„კომპანია მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, დაიცვას დამოუკიდებლობა და გმობს რუსეთის ქმედებებს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენ ვაჩერებთ საქმიანობას და ვმუშაობთ პროექტიდან გამოსვლაზე“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„სახალინ-1“-ის პროექტი კუნძულ სახალინზე 307 მილიონი ტონა ნავთობისა და 485 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება-დამუშავების მიზნით შეიქმნა და საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში მასში ინდური, იაპონური და რუსული კომპანიებიც მონაწილეობენ.
ExxonMobil-მა უარი თქვა, ასევე თხევადი გაზის პროექტზე შორეულ აღმოსავლეთში, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 6.2 მილიონ ტონას შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი დატოვეს ნავთობისა და გაზის კომპანიებმა BP-მ, Shell-მა და Equinor-მა, ასევე ფრანგულმა TotalEnergies-მა.