LIVE

Shell-ი და BP რუსულ ნავთობს აღარ იყიდიან

08 მარ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
Shell-ი და BP რუსულ ნავთობს აღარ იყიდიან
Peter Boer/Bloomberg

Shell-ი ეტაპობრივად შეწყვეტს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას, ამასთან დაუყოვნებლივ შეაჩერებს მოკლევადიან გარიგებებს. კომპანია ასევე დახურავს ბენზინგასამართ სადგურებს და თვითმფრინავის საწვავისა და საპოხი მასალების მწარმოებელ ობიექტებს რუსეთში. 

“კარგად ვიცით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გასულ კვირას რუსული ნედლი ნავთობის ტვირთის შეძენის შესახებ არასწორი იყო. ჩვენი ქმედებები აქამდე ეფუძნებოდა მთავრობებთან მიმდინარე დისკუსიებს რუსეთის ენერგეტიკული ნაკადებისგან გამოყოფის აუცილებლობის შესახებ”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

Shell-ს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს რუსული ნავთობის ეტაპობრივად ამოსაღებად, რაც ზოგიერთ გადამამუშავებელ ქარხანაში საწვავის შემცირებას გამოიწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ დიზელის ბაზრები უკვე კრიზისულ რეჟიმშია, რადგან მოვაჭრეები ცდილობდნენ დაედგინათ რუსეთში კრიზისის გამო მიწოდების დეფიციტის მასშტაბი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აიძულა კომპანიების დიდი სპექტრი დაეტოვებინათ რუსეთის ბაზარი, მათ შორის ენერგეტიკული გიგანტები BP და Exxon Mobil. 

4 მარტს Shell-მა რუსული ნედლი ნავთობის ტვირთი იყიდა, რასაც მაშინვე მწვავე კრიტიკა მოჰყვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჰკითხა კომპანიას, ასდიოდა თუ არა ნავთობს”უკრაინელების სისხლის” სუნი.

შეერთებულ შტატებში კანონმდებლებმა შეიმუშავეს ორპარტიული კანონმდებლობის ფართო მონახაზი, რომელიც კრძალავს ნავთობის იმპორტს რუსეთიდან. ევროპა, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, ამ დრომდე გაურბოდა აკრძალვას, მაგრამ ზეწოლა იმ კომპანიებზეა, რომლებიც აგრძელებენ რუსული ენერგოპროდუქტების მიღებას. 

TotalEnergies-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პუჟანემ განაცხადა, რომ კომპანიის სავაჭრო ფილიალმა უკვე შეწყვიტა რუსული ნავთობის ყიდვა, მაგრამ მისი ერთ-ერთი გადამამუშავებელი ქარხანა გერმანიაში გააგრძელებს ნავთობის მიღებას, რადგან ალტერნატიული მარაგები არ არსებობდა. 

Engie-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ მაკგრეგორმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს რუსული გაზის ყიდვას, რადგან მისი მომხმარებლები დამოკიდებულნი არიან ამ მიწოდებებზე. 

დასავლეთის პირდაპირი სანქციების გარეშეც კი, მყიდველების ნებაყოფლობით გასვლის რისკმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს ჰერონი