LIVE

Credit Suisse-ის კლიენტმა $550 მლნ-ზე მეტი დაკარგა - ბერმუდას სასამართლო ივანიშვილზე

29 მარ 202221:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1458
Credit Suisse-ის კლიენტმა $550 მლნ-ზე მეტი დაკარგა - ბერმუდას სასამართლო ივანიშვილზე

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც Credit Suisse Group-ს მისი ბანკირის თაღლითობის გამო უჩივლა, ნაწილობრივ CS Life Bermuda-ის დაუდევრობის გამო, 553 მილიონის ზარალი მიიღო,- ამის შესახებ ბერმუდას უზენაესი სასამართლო აცხადებს.  

სასამართლოს თავმჯდომარემ ნარინდერ ჰარგუნმა დღეს განაჩენის გამოცხადებისას განაცხადა, რომ საქმეზე მომუშავე ბუღალტრები ივანიშვილის ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. 

მოსამართლის თქმით, CS Life-მა პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები არ მიიღო, რადგან მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო შემოსავლები, რომლებსაც ლესკოდრონი გამოიმუშავებდა, ვიდრე კლიენტების ინტერესები.  

"თუ ბატონ ივანიშვილს ეცოდინებოდა, რომ ბანკში მის ანგარიშებზე თაღლითური ტრანზაქციები ხდებოდა, ის არ დაეთანხმდებოდა CS Life-ის პოლიტიკას",- თქვა მოსამართლემ.

Credit Suisse Life Bermuda აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. 

შვეიცარიულმა ბანკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მან უკვე აიღო რეზერვები Credit Suisse Life Bermuda-ს წინააღმდეგ საქმის ხარჯებისთვის. 

Bloomberg წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ივანიშვილი და ლესკოდრონის სხვა მსხვერპლები წაახალისოს და ზიანის ანაზღაურებისთვის სამოქალაქო დავა სინგაპურსა და შვეიცარიაში გააგრძელონ.  

ჟენევის ფინანსური დანაშაულების მთავარი პროკურორები აგრძელებენ საქმეში Credit Suisse-ის პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სასამართლო პროცესის აუცილებლობა.  

ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის ჯგუფის კერძო ბანკინგის კლიენტი იყო. 

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი დაზარალებულიდან, რომლებმაც 2015 წელს თაღლითობის გამჟღავნებამდე ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰუგო მილერი