პროკრედიტ ბანკის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, გაზრდილია დაინტერესება რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთში დაფუძნებული კომპანიებისთვის ანგარიშების გახსნის თაობაზე.
თუმცა, როგორც ბანკში აღნიშნავენ, კლიენტების და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე:
- პროკრედიტ ბანკი არ უხსნის ანგარიშებს კომპანიებს, დაფუძნებულს რუსეთის ფედერაციაში, ან იურიდიულ პირებს რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან რუსეთის მოქალაქეები.
- პროკრედიტ ბანკი არ უხსნის ანგარიშებს ფიზიკურ პირებს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობით.
ცნობისთვის, რუსებს და ბელარუსებს ანგარიშის გახსნის წინაპირობა დაუწესა საქართველოს ბანკმა. "ვგმობ რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში",- ესაა ერთ-ერთი პირობა, რომელზე თანხმობაც მოქალაქემ ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საქართველოს ბანკში" განუცხადეს, იყო შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა უარი თქვეს დოკუმენტზე ხელი მოეწერათ და შესაბამისად, ბანკმა უარი უთხრა ანგარიშის გახსნაზე.