LIVE

ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა - როგორც ეხმარება ქართული ბიზნესი უკრაინას

01 მარ 202221:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 2286
ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა - როგორც ეხმარება ქართული ბიზნესი უკრაინას

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში ქართული კომპანიები პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ. სწორედ ამ აქტიურობის შედეგად, ქვეყანაში ჩარჩენილი უკრაინის ყველა მოქალაქე საცხოვრებლითა და საკვები პროდუქტებითაა უზრუნველყოფილი. 

გთავაზობთ კომპანიების ნაწილის ჩამონათვალს, რომლებმაც მეგობარი სახელმწიფოსთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გამოყვეს:

  • აფთიაქების ქსელებმა GPC-მ და „ფარმადეპომ“ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები გაგზავნეს. საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის კი 1 მლნ ლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოჰყვეს.
  • სააფთიაქო ქსელმა PSP-მ უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნად 200 000 ლარის მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა.
  • „ავერსმა“ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უკრაინაში გასაგზავნად მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები გადასცა.
  • „ევექსი კლინიკები“ უკრაინელებს უსასყიდლოდ სთავაზობს სამედიცინო კონსულტაციასა და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას. სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო საქართველოში დარჩენა მოუწიათ, სამედიცინო მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.
  • კორპორაცია ICR-ი მარტის თვეში მიღებული შემოსავლების 2%-ს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს.
  • ტელეკომპანია „ფორმულამ“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ფონდი შექმნა, სადაც მისი დონაცია 500 000 ლარია. ტელეკომპანია აკუმულირებულ თანხას უკრაინის მთავრობას გადაურიცხავს.
  • საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს მართავს, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც ერთვება.
  • კომპანია „სილქნეტმა“ როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ქსელიდან, უკრაინის მიმართულებით ზარები უფასო გახადა. ასევე, კომპანია „ბილაინის“ ქსელიდან უკრაინის მიმართულებით ზარების განხორციელება და შეტყობინებების გაგზავნა უფასოდ არის შესაძლებელი.
  • „თიბისი ბანკმა“ შექმნა საქველმოქმედო ფონდი, სადაც მისი შენატანი 200 000 ლარია. ფონდში დაგროვილი 501 887 ლარი "თიბისიმ" პირველი ტრანშის სახით უკრაინაში უკვე გადარიცხა. ამასთან, ბანკის მომხმარებლები უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ. 
  • „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა უკრაინელ ხალხს. ბანკი ასევე, პარტნიორ სასტუმროებთან ერთად, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკმა“ საკუთარ ფონდში - „სიცოცხლის ხე“ 250 000 ლარი გადარიცხა. უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით ფონდში ფულის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილი თანხა კი სრულად გადაირიცხება წითელ ჯვარში.
  • „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობისას საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ.
  • „საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ მიიღებს და გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.
  • კომპანიებმა GPR Nuts-მა, „ბერტამ“, „კამპამ“, „ კულამ“, „კლინტექმა“ და „კერკმა“, უკრაინელი ხალხისთვის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკუთარი ნაწარმი გადასცეს. პროდუქციის ნაწილი უკრაინაში გაიგზავნება, ნაწილი კი საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი. წამოწყებას შეუერთდა კომპანია „გეფერინი“, რომელიც სააგენტოს უკრაინაში გასაგზავნად 12 ათასი ლარის ღირებულების ფეხსაცმელს გადასცემს. 

აღნიშნული ჩამონათვალი არასრულია, რადგან შექმნილი ვითარების გამო საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების, ასევე უკრაინის სხვადასხვა ფორმით დახმარების სურვილი არაერთმა მოქალაქემ და კომპანიამ გამოთქვა.