LIVE

უფასო თავშესაფარი საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს - ინიციატივას 100-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა

24 თებ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2804
უფასო თავშესაფარი საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს - ინიციატივას 100-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა

საქართველოს მოქალაქეების, სასტუმროებისა და კვების ობიექტების ნაწილი მზადაა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელები საცხოვრებლითა და საკვები პროდუქტებით უსასყიდლოდ უზრუნველყონ.

უკრაინის მოქალაქეების დახმარების ინიციატივა ბათუმის საკრებულოს წევრს ირაკლი კუპრაძეს ეკუთვნის. ინიციატივაში უკვე ჩაერთო 15-მდე სასტუმრო და 100-ზე მეტი კერძო პირი.

„ფრენები გაუქმებულია, შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩარჩნენ. სასტუმროები, კერძო პირები, კვების ობიექტები მზად არიან, ისინი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყონ. ამ დროის მონაცემებით, 2000-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თუ რომელიმე ლოკაციაზე პრობლემა იქნება, შეგვიძლია ეს ადამიანები სხვაგან გადავიყვანოთ. თავისუფალი ადგილები არის. საქართველოში არც ერთი უკრაინის მოქალაქე უბინაოდ და საკვების გარეშე არ დარჩება და ეს გაგრძელდება სანამ საჭიროება იქნება“, - განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ირაკლი კუპრაძემ. 

საქართველოში მყოფ უკრაინელებს უსასყიდლოდ მიიღებს სასტუმრო „თბილისი ცენტრალიც“.

„უკვე დაგვიკავშირდნენ უკრაინელი ტურისტები, რომლებიც საქართველოდან უკან ვერ ბრუნდებიან. დღეს 13 უკრაინელი შემოვა ჩვენს სასტუმროში, ხვალ 18 უკრაინელს ველოდებით. თავისუფალი ნომრები უფასოდ დაეთმობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს“,- აცხადებს „ბიზნეს ფორმულასთან“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში და საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებსა და მათ მასპინძელ კერძო სექტორს ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაკავშირება.

ამასთან, ტურისტული კომპანია Phoenix Tours Georgia-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მეგობარ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რუს ტურისტებს არ მოემსახურება. 

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. კიევის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, უკრაინის ცა სამოქალაქო ავიაციისთვის დახურულია.