LIVE

აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს

22 თებ 202223:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1158

აშშ ორ რუსულ ბანკს: "ვებ ბანკს" და "სამხედრო ბანკს" სანქციებს უწესებს. ამასთან, სანქციები გატარდება რუსული ელიტისა და მათი ოჯახების წევრების მიმართაც. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა

ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს აღნიშნული ბანკების ტრანზაქციების დამუშავების უფლება აღარ ექნებათ. ბაიდენის განმარტებით, სანქციების შედეგად, რუსეთი საერთაშორისო სავაჭრო სისტემას ჩამოშორდება.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოვლისმომცველ სანქციებს განახორციელებს რუსეთის სუვერენულ ვალზე.

"ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას დასავლეთის დაფინანსება გავუუქმეთ. ის ვეღარ მიიღებს ფულს დასავლეთიდან და ახალი ვალით ვერ ივაჭრებს ჩვენს ან ევროპის ბაზარზე", - თქვა ბაიდენმა. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სანქციები უნდა შეეხოთ რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც კრემლის კორუმპირებულ პოლიტიკას იზიარებენ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს Nord Stream 2 მილსადენი "წინ არ წავიდეს". 

ბაიდენის განცხადებით, პუტინის ქმედებები უკრაინაში შეჭრის დასაწყისია.

დღეს გაერთიანებულმა სამეფომ ხუთ რუსულ ბანკს: Rossiya-ს, IS Bank-ს, General Bank-ს, Promsvyazbank-სა და Black Sea Bank-ს, ასევე სამ მილიარდერს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს სანქციები დაუწესა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო, გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს

სანქციები აამოქმედა ევროკავშირმაც. ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა: "აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია".