LIVE

ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა

22 თებ 202217:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 2218
ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ ხუთ რუსულ ბანკს: Rossiya-ს, IS Bank-ს, General Bank-ს, Promsvyazbank-სა და Black Sea Bank-ს, ასევე სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს სანქციები დაუწესა.

"ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი დიდ ბრიტანეთში ფლობენ, გაიყინება. დაინტერესებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა და ავუკრძალავთ გაერთიანებული სამეფოს ყველა ფიზიკურ პირს და სუბიექტს მათთან რაიმე სახის ურთიერთობას”,- თქვა ჯონსონმა.

რამდენიმე ბრიტანელმა დეპუტატმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მიღებული ზომები საკმარისი არაა და პრემიერს შესთავაზა, რუსული ბანკების უმეტესობის და ფიზიკური პირების შავ სიაში შეყვანა.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სანქციებისა, რომელსაც ბრიტანეთი რუსეთს უწესებს. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. ჯონსონის თქმით, ამ რეგიონებში ძალების განლაგება უკრაინაში რუსეთის განმეორებით შეჭრას ნიშნავს. 

"ახლა უნდა მოვემზადოთ პუტინის გეგმის შემდეგი შესაძლო ეტაპებისთვის",- უთხრა ჯონსონმა დეპუტატებს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის ბრიტანეთის "ურყევი მხარდაჭერის" გარანტიები მისცა.

ჯონსონმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "რაც არ უნდა მოხდეს, ბრიტანეთი გადაწყვეტილებაზე უარს არ იტყვის."

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია